ახალი ამბები

ქართულმა ოცნებამ რუსთავისა და ბათუმის შუალედური არჩევნებისთვის კანდიდატები წარადგინა

ქართულმა ოცნებამ დღეს 2 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის, სადაც მოქალაქეები პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატსა და ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარ წევრს აირჩევენ, საკუთარი კანდიდატები წარადგინა.

პარტიის ცენტრალურ ოფისში პოლიტიკური საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ რუსთავი-გარდაბნის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად იურისტი ირაკლი შატაკიშვილი დაასახელა, ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად კი – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოქმედი მოადგილე, რამაზ ჯინჭარაძე წარადგინა.

ქართული ოცნების თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ მმართველი გუნდისთვის ორივე არჩევნების მოგება „პრინციპულად მნიშვნელოვანია“.

„რუსთავი-გარდაბნის ოლქში არჩევნების მოგება მნიშვნელოვნად გააძლიერებს საპარამენტო უმრავლესობის რიგებს“, – თქვა მან. ამასთან, კობახიძის თქმით, ბათუმის არჩევნებზე იქნება დამოკიდებული „საკრებულოში მყარი უმრავლესობის ჩამოყალიბება, რაც აუცილებელია ქალაქის შეუფერხებელი განვითარებისათვის“.

ირაკლი შატაკიშვილმა აღნიშნა, რომ მისთვის „ორმაგად საამაყოა“ იყოს ქართული ოცნების გუნდის წევრი და მშობლიური ქალაქის მაჟორიტარობის კანდიდატი. მანვე იმედი გამოთქვა, რომ თანაქალაქელები მხარს დაუჭერენ.

მმართველ გუნდს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა რამაზ ჯინჭარაძემ და აღნიშნა, რომ მისი კანდიდატურის მხარდაჭერის შემთხვევაში, ბათუმელებს „ეყოლებათ ადამიანი, რომელიც 24 საათის განმავლობაში იზრუნებს მათზე“.


რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის ადგილი 2 დეკემბერს მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ქართული ოცნების დეპუტატს, ნინო ლაცაბიძეს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყვიტეს. იგი 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებზე რუსთავის მერად აირჩიეს.

ბათუმის საკრებულოში კი – ერთი ადგილი მას შემდეგ გათავისუფლდა, რაც 2021 წლის ნოემბერში ნაციონალური მოძრაობის არჩეული წევრი, ნუგზარ ფუტკარაძე გარდაიცვალა. ენმ-ის თქმით, ფუტკარაძე გარდაცვალებამდე ხელისუფლებისაგან ზეწოლის მსხვერპლი იყო.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button