Placeholder canvas
ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინაში მიმდინარე „ტრაგიკულ“ ომზე საუბრობს

„კაცობრიობა დგას იმ უზარმაზარი ტრაგიკული შედეგების წინაშე, რომელიც მოიტანა რუსეთის ფედერაციის მიერ წარმოებულმა მოქმედებამ უკრაინაში“, – განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 24 მარტს აშშ-საქართველოს დიპლოპატიური ურთიერთობების 30 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე.

მანვე დასძინა, რომ „ომმა შეარყია არა მხოლოდ რეგიონის, არამედ მთელი მსოფლიოს უსაფრთხოება, სტაბილურობა და მშვიდობა“.

„ჩვენი ქვეყნისთვის, რომელმაც თავად გადაიტანა რუსეთის თავდასხმა 2008 წელს და რომლის ტერიტორიის 20% დღემდე ოკუპირებულია, მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა“, – ხაზი გაუსვა პრემიერმა.

მისივე თქმით, „საქართველო, აცნობიერებს რა იმ საშინელებას, რომელიც ახლავს ომს, პირველივე დღიდან უცხადებს მხარდაჭერას და სოლიდარობას უკრაინელ ხალხს და მათ ქვეყანას“.

„საერთაშორისო თანამშრომლობას და კონსოლიდირებულ მიდგომას დღეს, როგორც არასდროს, ენიჭება სასიცოცხლო მნიშვნელობა, კანონზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის შესანარჩუნებლად“, – აღნიშნა პრემიერმა ღარიბაშვილმა.

მანამდე, ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინის ომთან მიმართებით სადავო რიტორიკის გამო კრიტიკის ობიექტი არაერთხელ გახდა.

„უკრაინის დედაქალაქი იბომბება და ამის შემჩერებელი დღეს ვხედავთ რომ არავინ არ არის. ვთქვათ პირდაპირ, რომ სანქციები არ არის ეფექტური საშუალება“, – თქვა მან ადრე.

ამის შემდეგ, უკრაინაში ქართველი მოხალისეების ჩარტერული რეისით გაშვებაზე უარის და რუსეთისთვის დაწესებულ საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით საქართველოს მთავრობის „ამორალური“ პოზიციის გამო, უკრაინამ 1 მარტს თბილისიდან კონსულტაციისთვის ელჩი გაიხმო.

პრემიერ ღარიბაშვილის გაადგომის მოთხოვნით და უკრაინის მხარდასაჭერად საქართველოში არაერთი საპროტესტო აქციაც გაიმართა, რომლებსაც ირაკლი ღარიბაშვილმა „ანტისახელმწიფოებრივი“ აქციები უწოდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button