Placeholder canvas
ახალი ამბები

უკრაინაში სამი ქართველი მებრძოლი დაიღუპა 

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ინტერვენციის წინააღმდეგ ბრძოლის დროს სამი ქართველი მოხალისე დაიღუპა.

გია ბერიაშვილი და დავით რატიანი 18 მარტს, კიევის ჩრდილო-დასავლეთით, ირპინის ფრონტზე დაიღუპნენ, როდესაც უკრაინის დედაქალაქს რუსეთის შეიარაღებული ძალების შემოჭრისგან იცავდნენ.

„დათომ [დავით რატიანი] გმირივით იცხოვრა და გმირივით დაიღუპა. იგი ფრანგ ჯარისკაცს ეხმარებოდა, რომელსაც ფეხი ჰქონდა ნატკენი, რომ შეკრების პუნქტამდე მისულიყო. ნაღმის აფეთქების შედეგად იგი ადგილზევე დაიღუპა“, – წერს რატიანის მეგობარი, ჟურნალისტი ალექსეი ბობროვნიკოვი Facebook-ზე.

19 მარტს თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, მოქალაქეებმა პატივი მიაგეს ბერიაშვილისა და რატიანის ხსოვნას. ორი მებრძოლის ხსოვნას პატივი ბათუმსა და ზუგდიდშიც მიაგეს.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ელენე ხოშტარიამ, რომელმაც აქცია დაგეგმა, განაცხადა – „მათ საკუთარ თავზე აიღეს თავისუფლების ტვირთი და თავი გაწირეს“.

უკაინის ელჩმა, იგორ დოლგოვმა თბილისში, პარლამენტის წინ პატივი მიაგო უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლების ხსოვნას, ფოტო: ელენე ხოშტარიას Facebook-დან

ასევე 19 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინაში მებრძოლი კიდევ ერთი ქართველი, 54 ბახვა ჩიქობავა ალყაში მოქცეულ ქალაქ მარიუპოლში დაიღუპა.

ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს, ბახვა ჩიქობავა შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს უფროსი იყო.

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებს სამძიმარი დღეს გამოუცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.

„ისინი იბრძოდნენ, ჩემი ინფორმაციით ჯერ კიდევ აფხაზეთის ომში, ზოგიერთი მათგანი, ასევე აგვისტოს ომში და რა თქმა უნდა, სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მოხდეს მათი გადმოსვენება საქართველოში, დაბრუნება“, – განაცხადა მან.

„რუსეთის აგრესიამ უკრაინაში სამი ქართველი მებრძოლი შეიწირა… ვიზიარებ დავით რატიანის, გია ბერიაშვილის და ბახვა ჩიქობავას ოჯახების და ახლობლების მწუხარებას“, – დაწერა 19 მარტს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა Facebook-ზე.

„ჩვენი თანადგომა და მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ ურყევია. ჩვენი მეგობრობა საუკუნოვანია და მჯერა, ის უფრო განმტკიცდება“, – დასძინა მან.

„უკრაინის და საქართველოს ტკივილი საერთოა, ასე იყო ყოველთვის, ასეა დღესაც. ვიზიარებ გია ბერიაშვილის, დავით რატიანის, ბახვა ჩიქობავას ოჯახის წევრების, მათი მეგობრების მწუხარებას!“, – დაწერა ასევე 19 მარტს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ.

უკრაინაში ქართველი მებრძოლების დაღუპვას თბილისში უკრაინის საელჩოც გამოეხმაურა და განაცხადა – „გმირები არ იღუპებიან. უკრაინას ყოველთვის ემახსოვრება მისი გმირი დამცველები“.

შენიშვნა: მასალა პრემიემინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების შესაბამისად განახლდა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button