Placeholder canvas
ახალი ამბები

საქართველოში ჰააგის პროკურორის გადაწყვეტილებას ეხმიანებიან

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა კარიმ ხანმა 2008 წლის ომის საქმის ფარგლებში 10 მარტს ოკუპირებული ცხინვალის სამი ყოფილი მაღალჩინოსნის დაკავების ორდერი გამოსცა.

ჰააგის პროკურორის გადაწყვეტილებას საქართველოში პოლიტიკოსებისა და სამოქალაქო სექტორის გამოხმაურება მოჰყვა.

ქვემოთ საკითხზე მხარეთა შეფასებებია მოცემული:

არჩილ თალაკვაძე – პარლამენტის ვიცე-სპიკერი/ქართული ოცნება: „ევროსასამართლოს შემდეგ, საქართველოს ხელისუფლება კიდევ ერთ საერთაშორისო ინსტანციაში ამტკიცებს სიმართლეს, რაც კოლოსალური შრომის და პროფესიონალიზმის შედეგია! განსაკუთრებული მადლობა იუსტიციის სამინისტროს, საქმეში ჩართულ იურისტებს და ყველა ადამიანს, ვინც ICC-ში მტკიცებულებების წარდგენა და დასაბუთება უზრუნველყო! ამ საქმეზე სამართალი აუცილებლად აღსრულდება! დანაშაულის ჩამდენები დაისჯებიან. საქართველო იქნება ერთიანი და დევნილები საკუთარ სახლებში დაბრუნდებიან!“.

მამუკა მდინარაძე – ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი: „სტრასბურგის შემდეგ, ჰააგის გადაწყვეტილება არის კიდევ ერთი გამარჯვება და საქართველოს უმნიშვნელოვანესი წარმატება საერთაშორისო სამართლებრივ ასპარეზზე! პარალელურად, იმის მიუხედავად, რომ ომის პარტიელებმა, თავის დროზე, მთავარი მტკიცებულება, რუსული „ისკანდერის“ ნაწილებიც კი გადამალეს, ნაცურმა სპეცოპერაციამ – „იქნებ მივიწეროთ“, სტარტი აიღო… გასულ წლებში მათი მავნებლური და ანტისახელმწიფოებრივი კამპანიებიდანაც შეგვიძლია ერთ-ერთი გავიხსენოთ: ჰააგის მიმართულებით “ქართული ოცნება” იმიტომ აქტიურობს, ქართველი სამხედროების პასუხისმგებლობის საკითხი რომ დადგესო. ამასობაში, მეხუთე კოლონის მთავარი ტელევიზიიის უშედეგო მცდელობაც ვიხილეთ, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს რაიმე დამაზიანებელი ეთქვა საქართველოზე და მის ხელისუფლებაზე. რუსეთის ღია აგრესიის კვალდაკვალ მეხუთე კოლონა კვლავ განაგრძობს საქართველოს, მისი ხელისუფლების, მშვიდობის და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ ბრძოლას, თუმცა უშედეგოდ!“.

მიხეილ სააკაშვილი – საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი: „ძალიან დიდი ისტორიული ამბავი მოხდა – ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბოლომდე გაგვამართლა – “ქართული მხარე ახორციელებდა თავდაცვას და მოქმედებდა ომის ყველა წესის დაცვით”. მან სამხედრო დანაშაულში რუსული მხარე ამხილა, გენერალ ბორისოვზე, რომელიც უკვე გარდაცვლილია და ასევე სამ ეთნიკურად ოს რუსეთის მოქალაქეზე, დაპატიმრების ორდერი გასცა. წულუკიანმა, ივანიშვილის დავალებით, ყველაფერი გააკეთა რომ მე დავედანაშაულებინე და არაფერი გამოუვიდა. ეს სიმართლის ისტორიული გამარჯვებაა. ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მყარი გარანტია. ეს არის ჩემი მთლიანად გამართლება. და ბოლოს, მინდა მივმართო ყველა ქართველს – სადამდე უნდა ითმინოთ, რომ ამხელა გამარჯვების ავტორი ჩემი სახით, ახლა ქართულ ციხეში იჯდეს. და ვინც ამას ითმენს, თუნდაც დღევანდელი დღის შემდეგ, არ შერცხვება?! ჩემის მხრივ, უზომოდ ამაყი ვარ ჩვენი ქართული ჯარით, რომელმაც უმაღლესი კლასი აჩვენა არამხოლოდ ბრძოლაში, არამედ ისე იომა, რომ არავის უფლება არ დაურღვევია, რაც ძალიან რთულია ომის დროს. „მძინარე ცხინვალის დაბომბვის“ აპოლიგეტებს თუ ღვიძავთ ნეტავ?!“.

ლევან ბეჟაშვილი – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა: „გვსურს მივულოცოთ ქართველ ხალხს, საზოგადოებას, განსაკუთრებით ჩვენს გმირ სამხედროებს ის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება , რომელიც მიიღო ჰააგის სასამართლომ… ყველაზე მთავარი, რაც ამ გადაწყვეტილებით დასტურდება არის ის, რომ ყველანაირი საფუძველი გამოეცალა 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით რუსულ ნარატივს და სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება ამ ნარატივს ავითარებდა წლების განმავლობაში და თავს ახვევდა საქართველოს მოსახლეობას და საერთაშორისო საზოგადოებას. ამ გადაწყვეტილებით დასრულდა “ქართული ოცნების” ის სპეკულაციები და მანიპულაციები, როგორიცაა: ომი საქართველომ დაიწყო; ქართული მხარე კასეტურ ბომბებს იყენებდა; ომის პარტია და ა.შ.“.

გიორგი გახარია – ყოფილი პრემიერმინისტრი/პარტია საქართველოსთვის: „სამართალი აღსრულდა! საქართველოს კიდევ ერთი დიდი გამარჯვება. ICC-ის პროკურორის გადაწყვეტილება სამი კრიმინალის დაკავების ორდერის გამოცემის შესახებ რუსეთის მიერ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოში ჩადენილი ომის დანაშაულის მტკიცებულებაა. გამარჯვებას ვუსურვებ უკრაინას. დიდება საქართველოსა და უკრაინას“.

ბადრი ჯაფარიძე – ლელო საქართველოსთვის: „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ადამიანები სასამართლოს წინაშე წარსდგნენ. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ამცირებდნენ ქართველებს, ეჭვმიტანილები არიან ადამიანების დამცირებასა და არაადამიანურ მოპყრობაში, წამებასა და მკვლელობაში. ეს ადამიანები უნდა წარდგნენ ჰააგის სასამართლოს წინაშე და პასუხი აგონ იმ დანაშაულების წინაშე, რაც ქართველების მიმართ ჩაიდინეს. ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება ისტორიულია. სამწუხაროდ, მხოლოდ სამი კაცი არ არის დამნაშავე ეთნიკური შუღლის გაღვივებასა და ადამიანის ეთნიკური ნიშნით დამცირებაში. ყველა უნდა წარდგეს სასამართლოს წინაშე“.

ანა დოლიძე – ხალხისთვის: „პირველ რიგში, სამწუხაროა, რომ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებისთვის დასჭირდა მთელი 14 წელიწადი. ამ ბრძანების ახლა გამოცემა, სავარაუდოდ, მიუთითებს უკრაინაში მიმდინარე ომთან კავშირზე. სწორედ უკრაინაში მიმდინარე ომის გამო მიიღო სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება. მხოლოდ ე.წ. სამხრეთ ოსეთის თანამდებობის პირების მიმართ გამოცემული აღნიშნული გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, არის გამაფრთხილებელი სიგნალი რუსეთს ხელისუფლების მიმართ, მათ მიერ უკრაინაში ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით… ის, რომ მათი დაკავება შეიძლება მოხდეს ყველა იმ სახელმწიფოს ტერიტორიაზე, რომელიც არის ჰააგის სისხლის საერთაშორისო სასამართლოს ნაწილი, ნიშნავს, რომ მათი დაკავება შესაძლებელი ხდება ევროპის უმეტეს ნაწილზე…“.

ღია საზოგადოების ფონდი: „იმედს ვიტოვებთ, რომ [2008 წლის აგვისტოს ომის საქმის] გამოძიების ახალ ეტაპზე გადასვლა და ბრალდებულების გამოკვეთა, მცირედი შვება იქნება ომის მსხვერპლებისთვის და სასამართლო მოახერხებს, პასუხისგებაში მისცეს ომის დანაშაულებში ბრალდებული პირები, რაც აგვისტოს ომის საქმეზე სამართლიანობის დამკვიდრებისთვის უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯია“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button