მედია: თვითმმართველობები რუსული წარმოების პროდუქციის ყიდვას განაგრძობენ
ქართველ გამომძიებელ ჟურნალისტთა ჯგუფის „აი, ფაქტის“ მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის ნაძალადევის რაიონის გამგეობა 114 000 ლარად რუსული წარმოების ტრენაჟორების შესყიდვას გეგმავს.
სახელმწიფო შესყიდვები მედიის ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა უკრაინაში ომის დაწყების გამო რუსეთისთვის საერთაშორისო სანქციებზე შეერთებაზე. მთავრობის ამ გადაწყვეტილება „ამორალური“ უწოდა ოფიციალურმა კიევმა.
„აი, ფაქტის“ ინფორმაციით, რუსული წარმოების ტრენაჟორებში საჯარო უწყებებმა 2015-2020 წლებში ბიუჯეტიდან 8.9 მლნ ლარი დახარჯეს.
ამავე ინფორმაციით, ნაძალადევის გამგეობამ 48 ტრენაჟორი კომპანია „ჯეო პარკს“ დაუკვეთა, რომელიც მოსკოვში წარმოებულ მოწყობილობას კომპანია „романа-სგან“ ყიდულობს.
შესყიდვის ჯამური ღირებულება 224 500 ლარია, საიდანაც 114 000 ლარი უშუალოდ ტრენაჟორების შესყიდვას მოხმარდება, დანარჩენი კი – სხვა მომსახურებაზე დაიხარჯება, მათ შორის, გარე სავარჯიშო სივრცის.
ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ტრენაჟორების შესაძენად აუქციონის გარეშე ელექტრონული ტენდერი 24 თებერვალს გამოაცხადა და კომპანია „ჯეო პარკი“ 7 მარტს შეარჩია. მას ტენდერში კონკურენტი არ ჰყოლია. კომპანია ხელშეკრულებას ხელი 17 მარტს უნდა მოაწეროს.
შპს „ჯეო პარკი“ ასევე ერთადერთი პრეტენდენტია შიდა ქართლის ქარელის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერშიც. მუნიციპალიტეტი 290 797 ლარად სპორტული აღჭურვილობის ყიდვას გეგმავს. წინადადება განხილვის ეტაპზეა.
არასამთავრობოების შეფასებით, უკონკურენტო ტენდერები, შესაძლო კორუფციულ რისკებთან არის დაკავშირებული.
ასევე წაიკითხეთ:
- Georgian Airways-ი საბანკო გადახდების რუსულ სისტემასთან დაკავშირებულ კითხვებს პასუხობს
- კიევი თბილისს კვლავ აკრიტიკებს
- უკრაინამ საქართველოდან ელჩი გაიხმო
- პრემიერის თქმით, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ შეუერთდება
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)