Placeholder canvas
ახალი ამბები

Georgian Airways-ი საბანკო გადახდების რუსულ სისტემასთან დაკავშირებულ კითხვებს პასუხობს

ავიაკომპანია Georgian Airways-მა საკუთარი გადახდის სისტემიდან რუსული კომპანია Мир-ი მას შემდეგ ამოიღო, რაც ავიაკომპანიის ქმედებას საზოგადოებისა და ოპოზიციის მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

კრიტიკის საპასუხოდ, კომპანიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ Мир-ის ლოგო საიტზე ესპანურმა კომპანია WebSky.tech-მა განათავსა, რომელიც ავიაბილეთებს ყიდის და რომ მათ ამის შესახებ არ აცნობეს. მისივე თქმით, საიტიდან Мир-ის ლოგოს მოშლა მათ ესპანურ კომპანიას 3 მარტს მოსთხოვეს.

რუსეთის საგადახდო სისტემა Мир-მა რუსეთის მოქალაქეებს მისცა საშუალება, რომ ელექტრონული შესყიდვები რუსეთში და რამდენიმე უცხო ქვეყანაში განახორციელონ მას შემდეგ, რაც MasterCard-მა და Visa-მ გასულ კვირას განაცხადეს, რომ უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთში თავიანთ ოპერაციებს აჩერებენ. საქართველო არ არის იმ ქვეყნების სიაში, სადაც Мир-ი ოფიციალურად გამოიყენება.

ავიაკომპანია Georgian Airways-მა 9 მარტს ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ კომპანიას МИР-ის მეშვეობით დღემდე არცერთი ბილეთი არ გაუყიდია. მან ასევე განმარტა, რომ WebSky.tech-ის სისტემა მიერთებულია საქართველოს ბანკთან, რომელიც კერძო ფინანსურ ინსტიტუტს წარმოადგენს. „აქედან გამომდინარე, თავისთავად გამორიცხულია, რომ ჩვენი ბილეთების შეძენა МИР-ის მეშვეობით განხორციელდეს“, – განაცხადა ავიაკომპანიამ.

თუმცა, მანამდე, 8 მარტს, ავიაკომპანიის გენერალურმა დირექტორმა, თამაზ გაიაშვილმა „რადიო თავისუფლების“ ქართულენოვან სამსახურთან გადახდის სისტემებში რუსული МИР-ის დამატება გაამართლა.

„მე მაინტერესებს ბილეთი გავყიდო, რით გაიყიდება, ეგ საერთოდ არ მადარდებს“, – განაცხადა გაიაშვილმა. „მე სანქციებს არ ვუერთდები და არანაირი ვალდებულება არ მაქვს [შევუერთდე], სახელმწიფო არ ვარ, კერძო კომპანია ვარ“.

მან ასევე აღნიშნა, რომ რუსულ საგადახდო სისტემას საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული ბანკებიც იყენებენ, სადაც მისი კომპანიაც ფლობს საბანკო ანგარიშებს. გაიაშვილს კომპანია WebSky.tech არ უხსენებია.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 9 მარტს განმარტა, რომ „საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკები და საბარათე საპროცესინგო სისტემები, გადახდების სისტემების კომპანია Мир-თან არ თანამშრომლობენ“.

„შეგახსენებთ, რომ სანქციებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების ვალდებულების შესახებ მითითება ეროვნულმა ბანკმა საქართველოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს უკვე მისცა“, – ნათქვამია ბანკის განცხადებაში.

თუმცა, ბანკმა ასევე აღნიშნა, რომ „რაც შეეხება ქართული კომპანიის თანამშრომლობის საკითხს, აღნიშნულის შეფასება სცილდება ეროვნული ბანკის კომპეტენციას“. მისივე თქმით, საგადახდო სისტემების კომპანია Мир-ი თანამშრომლობს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკასთან, რაც ბანკის შეფასებით შესაძლოა არღვევდეს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონს.

კერძო კომპანიის მიერ Мир-ის მეშვეობით გადახდის შემოთავაზებას ქართული საზოგადოების პროტესტი მოჰყვა, რომელიც ისედაც უკმაყოფილოა ხელისუფლების გულგრილი მხარდაჭერით უკრაინის მიმართ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, ნიკა მელიამ გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ავიაკომპანია ვერ გააკეთებდა ამას ხელისუფლების თანხმობისა და უშუალო ნებართვის გარეშე.

გუშინვე, ნაციონალურმა მოძრაობამ ავიაკომპანიის ოფისის წინ საპროტესტო აქციაც გამართა.

თავის მხრივ, ქართული ოცნების დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ „რადიკალური ოპოზიცია“ და მასთან აფილირებული მედიასაშუალებები უსაფუძვლო „პროვოკაციული თემების“ წამოწევაში დაადანაშაულა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button