ახალი ამბები

მოძრაობა „ხმა“ რუსეთის საკუთრებაში არსებული სტრატეგიული აქტივების ნაციონალიზაციას ითხოვს

მემარცხენე მოძრაობა „ხმა“ რუსულ სახელმწიფოსთან და მასთან დაახლოებული ოლიგარქების საკუთრებაში არსებული საქართველოს სტრატეგიული სექტორების ნაციონალიზაციასა და იმპორტის ალტერნატიული წყაროების სასწრაფოდ მოძიებას ითხოვს.

მოძრაობის თქმით, ეს სტრატეგიული აქტივები მოიცავს „ენერგოსექტორის უმნიშვნელოვანეს ნაწილს, ბუნებრივი მინერალების საბადოებს, მინერალურ წყლებს და სხვა საქართველოს მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან რესურსებსა და აქტივებს“.

მოძრაობამ ასევე აღნიშნა, რომ ხორბლის, ფქვილისა და სხვა აუცილებელი პროდუქტის იმპორტი „მთლიანად“ რუსეთიდან ხორციელდება. „საქართველოს ამჟამინდელი თუ წარსული ბიზნეს-პოლიტიკური ელიტების უუნარობის შედეგია ჩვენი ეკონომიკის იმ სახის უგუნური კაპიტულაცია“, – ნათქვამია მოძრაობის განცხადებაში.

ამავე განცხადებით, იმ დროს, როდესაც ამგვარი მდგომარეობა მრავალი ჩინოვნიკისა და ბიზნესმენისათვის „მარტივად გასამდიდრებელი ქერის ორმოა, ახლანდელი გეოპოლიტიკური კატასტროფის ფონზე, თითოეულ ჩვენგანს გაძვირებულ ცხოვრებადაც გვიჯდება“.

უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შესახებ საუბრისას, მოძრაობა აღნიშნავს, რომ რუსეთის ეკონომიკაზე დამოკიდებულება „არა მხოლოდ ეთიკური, არამედ უშუალოდ ეროვნული უსაფრთხოების საკითხიცაა“.

„საქართველოც, მსგავსად უკრაინისა, ჩვენს რეგიონში მოქმედი პერიფერიული იმპერიის – პუტინის რუსეთის მუდმივი აგრესიის წინაშე დგას. რუსეთის ზემოქმედების ბერკეტები პოსტ-საბჭოთა სივრცეზე გულისხმობს როგორც პირდაპირ სამხედრო აგრესიას, ასევე ეკონომიკურ გავლენას“, – ნათქვამია განცხადებაში.

მოძრაობამ ასევე განაცხადა, რომ „საქართველოს მოსახლეობა თავისდა უნებურად მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტისა თუ სერვისის ყოველდღიური მოხმარებით, ირიბად აფინანსებს იმ რაკეტებსა და ტყვიებს, რომლებსაც პუტინის სამხედროები უკრაინის ქალაქებსა და მოსახლეობას ესვრიან“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საქართველოში რეგისტრირებული 7 000-ზე მეტი კომპანიის სრული ან გარკვეული წილის მფლობელი რუსეთის ფედერაციის კომპანიები ან/და მოქალაქეები არიან.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, „მსხვილი რუსული კომპანიები წარმოდგენილნი არიან საქართველოს ეკონომიკის ყველა სექტორში, მათ შორის, ენერგეტიკაში, მძიმე და მსუბუქ მრეწველობაში, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში, საფინანსო სექტორში, კომუნიკაციებში, სათამაშო ბიზნესში, რესტორნებსა და სასტუმროებში“.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსული კომპანია „ინტერ რაო“ ფლობს თბილისის ერთადერთი გამანაწილებელი კომპანიის „თელასის“ აქციების 75%-ს, ასევე ჰესებს – „ხრამჰესი I-ს“ და „ხრამჰესი II-ს“, რომელთა გამომუშავებამაც 2020 წელს საქართველოში გამომუშავებული ელექტროენერგიის 3.6% შეადგინა.

ასევე რუსული კომპანიაა იმ ფირმის აქციების მფლობელი, რომელიც ორი შედარებით მცირე ჰესის – „ლარსი ჰესისა“ და „შილდა ჰესის“ ექსპლოატაციას ეწევა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ ასევე დაადგინა, რომ რუსეთის მოქალაქეები არიან ქვეყანაში ოქროსა და სპილენძის მომპოვებელი კომპანიის – Rich Metals Group-ის და IDS Borjomi-ს ბენეფიციარი მფლობელები.

ამავე კვლევით, რუსულ პროდუქციას საქართველოს ხორბლის ჯამურ იმპორტში 94% ეკავა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button