ახალი ამბები

ევროკავშირი სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სააგენტოების ხელმძღვანელების დანიშვნაზე

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა დღეს მედიასთან პარლამენტის მიერ გუშინ სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სააგენტოების ხელმძღვანელთა დანიშვნები, ასევე ოპოზიციონერ დეპუტატთათვის მანდატების შეწყვეტა შეაფასა.

ელჩმა ჰარცელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი პარლამენტის მიერ გუშინდელ დანიშვნებს ითვალისწინებს, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სააპელაციო პროცესის შედეგებს დაელოდება, სადაც სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ მისი სამსახურის გაუქმების შესახებ ქართული ოცნების გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

მისივე თქმით, ევროკავშირი კვლავაც ვერ ხედავს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის „მოულოდნელად და ნაჩქარევად დაშლისა“ და სახელმწიფო ინსპექტორის მანდატის ვადამდე შეწყვეტის „ობიექტურ მიზეზებს“.

„უსაფრთხოების სექტორზე ეფექტიანი დემოკრატიული ზედამხედველობა და მონაცემთა სათანადო დაცვა საქართველოს იმ ვალდებულებებად რჩება, რომლებზეც ქვეყანა პასუხისმგებელია“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა და დასძინა, რომ „ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ევროკავშირმა გამოხატოს ნება და იპოვოს შესაძლებლობა, დაეხმროს საქართველოს ძირითად სფეროებში რეფორმების განხორციელებაში“.

რაც შეეხება, ლელოს ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის, ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარის, შალვა ნათელაშვილისა და დროას დამფუძნებლის, ელენე ხოშტარიას სადეპუტატო მანდატების გაუქმებას, კარლ ჰარცელმა აღნიშნა, რომ „შესაძლოა, ეს არჩევანი პარლამენტში პოლიტიკური ინკლუზიურობისა და დემოკრატიული პლურალიზმის ხარჯზე მოხდა“.

„გუშინდელი პოლიტიკური არჩევანი გაკეთდა იმ პრინციპების საფუძველზე, რომელთა განხილვას არ დავიწყებ“, – ხაზი გაუსვა მანვე.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button