ახალი ამბები

დავით ზალკალიანი ტოივო კლაარს შეხვდა 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი 15 თებერვალს სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, ტოივო კლაარს შეხვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საუბარი შეეხო რუსეთის  პოლიტიკის შედეგად რეგიონში შექმნილ მწვავე უსაფრთხოების გარემოსა და რუსეთის ნაბიჯებს, რომლებიც „მიმართულია საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის  წინააღმდეგ“.

ამავე ინფორმაციით, მხარეებმა ასევე განიხილეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის „დე-ფაქტო ანექსიის“ მიმართულებით მოსკოვის მიერ გააქტიურებული ნაბიჯები, მზარდი მილიტარიზაცია, საოკუპაციო ხაზის მავთულხლართებითა და ხელოვნური ბარიერებით გამაგრება და ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებთა უფლებების დარღვევები.

„აქცენტი გაკეთდა თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვასა და უკანონო დაკავებებზე და ხაზი გაესვა უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების დაუყოვნებლად გათავისუფლების აუცილებლობას“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს რუსეთის მიერ საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობა.

ტოივო კლაარი, რომელიც ასევე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეა, თბილისში 14 თებერვალს ერევნიდან ჩამოვიდა. თბილისში ჩამოსვლისას კლაარმა Twitter-ზე დაწერა, რომ ევროკავშირისა და საქართველოსთვის მნიშვნელოვანია „ერთად იმუშავონ კონფლიქტების მოგვარებაზე ამ რთულ დროს“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button