ახალი ამბები

ანჯეი დუდა: ნატომ საქართველოს და უკრაინის ლიდერებს მადრიდში უნდა უმასპინძლოს 

პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ 7 თებერვალს ნატოს შესთავაზა, რომ ალიანსის 2022 წლის ივნისის მადრიდის სამიტზე საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტებს შეხვდეს.

პოლონეთის პრეზიდენტმა ამის შესახებ ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებები ორი ქვეყნის მიმართ სოლიდარობის დასტური იქნება და აჩვენებს უკრაინასა და საქართველოს, რომ ალიანსი „მათ მარტო არ დატოვებს“.

„ისინი ყოველთვის იყვნენ ნატოს ერთგული პარტნიორები და ეს ალიანსსაც ახსოვს“, – განაცხადა ანჯეი დუდამ.

ამ კონტექსტში მან 3 თებერვალს თბილისში ტრანზიტული ვიზიტის დროს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან გამართული შეხვედრაც ახსენა. პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, იგი უკრაინის კრიზისის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მოსაზრებით დაინტერესდა.

ანჯეი დუდამ ხაზი გაუსვა, რომ აუცილებლად მიაჩნია ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე ალიანსის ძალების მობილიზაციის გაზრდა, უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედო ძალების კონცენტრაციის ფონზე. მისივე თქმით, ძალების მობილიზაციის გაზრდა სამხრეთ ევროპაშიც იქნება საჭირო.

ერთობლივ პრესკონფერენციაზე, პრეზიდენტი დუდა და ნატოს გენერალური მდივანი ასევე შეეხნენ ნატოს ურთიერთობებს ჩინეთთან, რომელმაც 4 თებერვალს რუსეთთან ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნატოს გაფართოების წინააღმდეგ გამოვიდა და მოუწოდა ალიანსს, რომ უარი თქვას „ცივი ომისდროინდელ იდეოლოგიზებულ მიდგომებზე“.

პრეზიდენტმა დუდამ პეკინში ზამთრის ოლიმპიური თამაშების ფარგლებში პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ მან ჩინეთის ლიდერს ნატოს მოსაზრება, მისი ქმედებები და გადაწყვეტილებები გააცნო. მისივე განცხადებით, ნატოს გენერალ მდივანს ამ საუბრის შესახებაც ელაპარაკა.

თავის მხრივ, ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ჩინეთის და რუსეთის მოწოდება, რომ ნატომ შეწყვიტოს ახალი წევრების მიღება, „არის მცდელობა, რომ სუვერენულ სახელმწიფოებს წაართვან საკუთარი არჩევნის უფლება, რაც ძირითად საერთაშორისო დოკუმენტებში ასახული უფლებაა“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button