skip to content
ახალი ამბები

მიუხედავად უარყოფითი რეაგირებისა, რუსეთი მაინც მოითხოვს, რომ ნატო არ გაფართოვდეს 

მოსკოვი კვლავაც მოითხოვს ნატოსგან არგაფართოების პირობას, მიუხედავად იმისა, რომ ბრიუსელში 12 იანვარს გამართულ ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრაზე მოკავშირეებმა ამაზე უარი განაცხადეს.

ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრა დასავლეთის სახელმწიფოებსა და მოსკოვს შორის კრემლის მიერ შემოთავაზებულ „უსაფრთხოების გარანტიებზე“ მაღალი დონის დიპლომატიური შეხვედრების ფარგლებში გაიმართა. მოსკოვი დაჟინებით მოითხოვს, რომ გაუქმდეს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც საქართველო და უკრაინა გახდებიან ალიანსის წევრები.

ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ და კრემლის წარმომადგენელმა შეხვედრაზე, ალექსანდრ გრუშკომ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მოსკოვი ალიანსის აღმოსავლეთით გაფართოებას „სრულიად მიუღებლად“ მიიჩნევს. მისი თქმით, ნატომ უნდა დაასრულოს ღია კარის პოლიტიკა და რუსეთს შესაბამისი სამართლებრივი გარანტიები მისცეს.

„ისინი ხშირად ამბობენ, რომ საქმე ეხება არჩევანის თავისუფლებას… მაგრამ არჩევანის თავისუფლება არ არსებობს საერთაშორისო ურთიერთობებში ისე, როგორც ეს ჩვენს ნატოელ პარტიორებს ესმით“, – განაცხადა გრუშკომ და მოკავშირე სახელმწიფოები იმ პოზიციის გამო გააკრიტიკა, რომლის თანახმადაც ნებისმიერ ქვეყანას საკუთარი უსაფრთხოების ზომების თავად განსაზღვრის უფლება აქვს.

მისი თქმით, ამ თავისუფლებამ სხვა ქვეყნის, კონკრეტულად კი რუსეთის უსაფრთხოების ინტერესები არ უნდა შელახოს. გრუშკომ ნატო უსაფრთხოების განუყოფლობის პრინციპის „შერჩევითად“, მხოლოდ მის წევრებთან მიმართებით და სხვა ქვეყნების ინტერესების უგულებელყოფით, გამოყენებაში დაადანაშაულა.

მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ „ევროპის უსაფრთხოების გაძლიერების რაციონალური ინტერესები საჭიროებს მკაფიო გაგებას იმისა, რომ ალიანსის შემდგომი გაფართოება საფრთხისშემცველია, რაც შემდგომ გაფართოებაზე მიღებული გადაწყვეტილების სარგებელს გადაწონის“.

ამ კუთხით, იგი მიესალმა რუსეთის, როგორც იმ ქვეყნის როლს, რომელიც ევრო-ატლანტიკურ სივრცეში მშვიდობას უზრუნველყოფს. გრუშკოს თქმით, ნატოს მოკავშირეებმა მხედველობაში უნდა მიიღონ ეს გარემოება, თუ მოსკოვთან თანამშრომლობა სურთ.

აღნიშნა რა, რომ რუსეთს „მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ამ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაში“, გრუშკომ განაცხადა, რომ მოსკოვის „ინტერვენციამ მშვიდობის დამყარება უზრუნველყო და შესაძლებელი გახადა სამხედრო სცენარი პოლიტიკური გამოსავლის ძიებით შეცვლილიყო“ აფხაზეთში, ცხინვალის რეგიონში, დნესტრისპირეთში, მთიან ყარაბაღსა და ტაჯიკეთში.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ სანაცვლოდ „ნატოს ისტორია, მიუხედავად მისი თავდაცვითი ხასიათისა – არის ომებისა და ინტერვენციების ისტორია“.

ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრის შემდეგ, ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსის მოკავშირე სახელმწიფოებმა ღია კარის პოლიტიკის მიმართ ერთგულება დაადასტურეს და მოუწოდეს რუსეთს გაიყვანოს საკუთარი შეიარაღებული ძალები საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვიდან და ამ სამი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს პატივი სცეს.

საბჭოს შეხვედრამდე, 10 იანვარს ამერიკელმა და რუსმა დიპლომატებმა ჟენევაში ორმხრივი დისკუსიები გამართეს, დღეს კი – ვენაში ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომა გაიმართება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button