skip to content
ახალი ამბები

ქართულმა ოცნებამ ოპოზიციის ნაწილთან საკონსტიტუციო ცვლილებებზე იმსჯელა

ქართული ოცნება 15 დეკემბერს ოპოზიციის რამდენიმე დეპუტატს დახურულ კარს მიღმა შეხვდა და მათთან 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე იმსჯელა.

შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე, ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის მხრიდან საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებაზე მიანიშნა, რომელთა მიხედვითაც, ნებისმიერი ორი მომდევნო საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით და 2%-იანი (5%-იანის ნაცვლად) საარჩევნო ბარიერით უნდა ჩატარდეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე ყველა საკითხის გარშემო ყველა პუნქტი „არის ღია“. მისივე თქმით, ცვლილებებზე მსჯელობის გაგრძელება და ის თუ რა შედეგით დასრულდება ის, „ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული“.

„მათ შორის, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ოპოზიციის მოქმედებებზე“, – ხაზი გაუსვა მან.

ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ერთადერთი თემა, რომელზეც მმართველ გუნდს „მეტ-ნაკლებად“ მკაფიო და ჩამოყალიბებული პოზიცია აქვს, არის ის, რომ „2024 წლამდე არავითარ რიგგარეშე არჩევნებზე არ შეიძლება იყოს საუბარი“.

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ქართულ ოცნებაში „2%-იანი [საარჩევნო] ბარიერის წინააღმდეგნი არ არიან, ჯერჯერობით, ყოველ შემთხვევაში, [თუმცა იმ პირობით, რომ] ამოქმედდეს ეს ცვლილება 2024 წლიდან და გავრცელდეს 2028 წელზეც, ანუ უფრო დიდხანს, ვიდრე ახლა არის კონსტიტუციაში“.

მისივე თქმით, ქართული ოცნების სურვილია, რომ 2024-მდე დარჩეს არსებული მოცემულობა, ანუ 1%-იანი საარჩევნო ბარიერი და 120/30-ზე სისტემა.

მედიით გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე, ლელოს დეპუტატი – ბადრი ჯაფარიძე, რომელიც მდინარაძის თქმით, შეხვედრის ინიციატორი იყო და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი – თინა ბოკუჩავა.

არსებული მდგომარეობით, საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტს პირველი მოსმენით უკვე მიღებული აქვს და მას დასამტკიცებლად კიდევ ორი მოსმენა და ქართულ ოცნებასთან ერთად, ოპოზიციონერი დეპუტატების მხარდაჭერაც სჭირდება. ირაკლი კობახიძის წინა განცხადებებიდან ჩანს, რომ ქართულმა ოცნებამ, შესაძლოა, ცვლილებებს მხარი აღარ დაუჭიროს.

30 ნოემბერს, ქართული ოცნების თავმჯდომარემ თქვა, რომ ცვლილებების მიღება, რომელსაც 150-დან 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება, მმართველი პარტიის ხელშია, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოში 84 დეპუტატი ჰყავს. მანვე ხაზი გაუსვა, რომ ცვლილებების მიღება ოპოზიციისთვის „პატარა საჩუქარი“ იქნება.

კიდევ უფრო ადრე, კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის 5%-იანი საარჩევნო ბარიერი, შესაძლოა, უკეთესიც კი იყოს, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი ბარიერის დაწევაზე მსჯელობას გააგრძელებს.

ქართულმა ოცნებამ 19 აპრილის შეთანხმება ცალმხრივად ივლისში დატოვა, თუმცა თქვა, რომ ის დოკუმენტით გათვალისწინებული ცვლილებების ერთგული დარჩებოდა. მიუხედავად დადებული პირობისა, ქართულ ოცნებაში პარლამენტის მიერ გენერალური პროკურორის ხმების 3/5-ით არჩევის წესის ცვლილებაზეც ალაპარაკდნენ, რასაც აშშ-ისა და ევროკავშირის კრიტიკა მოჰყვა.

ქართული ოცნება ასევე დაჩქარებული წესით განიხილავს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების არჩევის მექანიზმში ცვლილებებსაც.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button