Placeholder canvas
ახალი ამბები

საქართველოში დღეიდან „მწვანე პასპორტები“ ამოქმედდა 

1-ელი დეკემბრიდან საქართველოში საზოგადოებრივ სივრცეებში შესასვლელად „მწვანე პასპორტების“ სისტემა ამოქმედდა. ასევე დღეიდან, რესტორნებს, ბარებსა და კვების ობიექტებს მუშაობაზე საათობრივი შეზღუდვაც მოეხსნებათ.

მოქალაქეს მწვანე სტატუსი მიენიჭება იმ შემთხვევაში, თუ: ის არის სრულად აცრილი; გადატანილი აქვს კოვიდ-19 და ვირუსის დადასტურებიდან გასულია 14 დღე; ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი; ჩატარებული აქვს 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტი.

დღეიდან 18 წლის ასაკს ზემოთ მოქალაქეები მხოლოდ „მწვანე პასპორტის“ პრინციპით შეძლებენ შესვლას კვების ობიექტების, რესტორნების, კაფეების და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, ასევე – კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებსა და ასევე სამთო კურორტების საბაგირო გზებზე.

ახალი სისტემის ამოქმედებამდე, რესტორნებს, ბარებსა და კვების ობიექტებს მხოლოდ 23:00 საათამდე ჰქონდათ მუშაობის უფლება. მანამდე, 5 ოქტომბერს, ამავე დაწესებულებების მუშაობის საათები მთავრობამ 22:00 საათიდან 23:00 საათამდე გაზარდა.

მოქალაქეები „მწვანე პასპორტის“ აღებას შეძლებენ იუსტიციის სახლებში, ან ორ მობილურ აპლიკაციაში – Georgia e-Health და CovidPass Georgia-ზე დარეგისტრირებით. პირველი „მწვანე პასპორტს“ ევროკავშირის ციფრული კოვიდ სერტიფიკატის მოთხოვნების შესაბამისად გასცემს საზღვარგარეთ მოგზაურობისთვის, ხოლო მეორე საბუთს ადგილობრივი წესების დაცვით გასცემს.

მაშინ, როდესაც ევროკავშირის ციფრული კოვიდ სერტიფიკატი მოქალაქეებს, რომელთაც კოვიდი გადაიტანეს, დადასტურებიდან 180 დღის განმავლობაში ათავისუფლებს შეზღუდვებისგან, საქართველოს მიერ გაცემული საბუთი კოვიდგადატანილებს შეზღუდვებს სამუდამოდ უხსნის. ეს ეხება ქვეყანაში მცხოვრებ როგორც საქართველოს, ისე უცხოელ მოქალაქეებს.

25 ნოემბერს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ, რამდენად გამართლებულია ორი „მწვანე პასპორტის“ ქონის იდეა, თქვა, რომ ეს, „ალბათ, ჩვენი გენეტიკიდან და ჩვენი ხასიათიდან“ გამომდინარებს.

1-ელი დეკემბრის მდგომარეობით, ქვეყანაში (ოკუპირებული რეგიონების გამოკლებით) კოვიდ-19-ის 850 102 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 792 158 ინფიცირებული უკვე სრულად გამოჯანმრთელდა, 12 119 კი – გარდაიცვალა. დღეს კოვიდ-19-ის კიდევ 4 459 ახალი შემთხვევა დადასტურდა, განიკურნა 3 957 პაციენტი, ხოლო 65 გარდაიცვალა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სულ მცირე ერთი დოზით 1 165 835 მოქალაქეა აცრილი, მათგან სრულად, ორივე დოზით – 1 001 801 ადამიანი (მოზრდილი მოსახლეობის 35.1%).

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button