ახალი ამბები

ტიკარაძე ორი კოვიდ პასპორტის ქონის იდეას ქართული გენის „განსაკუთრებულობით“ ამართლებს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ, რამდენად გამართლებულია ორი „მწვანე პასპორტის“ ქონის იდეა, თქვა, რომ ეს „ალბათ, ჩვენი გენეტიკიდან და ჩვენი ხასიათიდან“ გამომდინარებს. მინისტრის პასუხიდან არ იყო ნათელი მისი ს განცხადება ირონიული ტონით იყო ნათქვამი, თუ არა.

ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრისგან იმის დაზუსტება სურდათ, თუ რის საფუძველზე გეგმავს საქართველოს ხელისუფლება სხვა ქვეყნებისგან განსხვავებული, გარე და შიდა მოხმარების კოვიდ პასპორტების ამოქმედებას. კიდევ ერთი კითხვა, რომელიც ე.წ. შიდა მოხმარების პასპორტთან მიმართებით ჩნდება, ის არის, რომ კოვიდგადატანილი მოქალაქეები მუდმივ პასპორტს იღებენ, მაშინ, როდესაც ევროკავშირის ციფრული კოვიდ პასპორტის წესების მიხედვით, ეს ვადა მხოლოდ 6 თვეა.

„ზოგადად, საქართველოსნაირი ქვეყანა მეორე მსოფლიოში არსად არ არის და ჩვენ ყველაფერში განსაკუთრებულები ვართ და სწორედ აქედან გამომდინარე, ასევე განსაკუთრებულები ვართ ორი „მწვანე პასპორტით“, უვადო პასპორტით და ეს ყველაფერი გამომდინარეობს, ალბათ, ჩვენი გენეტიკიდან და ჩვენი ხასიათიდან“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

„ჩვენ [ყვალა] ვართ ქართველი და არა მგონია, რომ ვინმეს ეს უკვირდეს“, – თქვა მანვე და ხაზი გაუსვა, რომ „მნიშვნელოვანია საზოგადოება ეტაპობრივად შეეგუოს იმ მნიშვნელოვან ცვლილებებს, რომლებიც მსოფლიოში მიმდინარეობს“. „თუ ეს სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის გაცილებით უფრო მარტივია გაჰყვეს გარკვეულ წესებს, საქართველოში ეს რატომღაც დღემდე კიდევ უფრო რთულია“, – დასძინა მინისტრმა.

„იმ დაძაბული სოციალური, ეკონომიკური და პანდემიური ფონის პირობებში ნამდვილად არ არის ცუდი გადაწყვეტილება, რომ ჩვენს მოქალაქეებს მეტი მოქნილობა ექნებათ”, – თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ თქვა, რომ მოქალაქეებისთვის მუდმივი კოვიდ პასპორტების გაცემის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და ის უნდა გადაიხედოს. „ჩვენც გვაქვს უკვე ქვეყანაში 5 000-ზე მეტი შემთხვევა რეინფიცირების, ასე რომ, კოვიდის გადატანა, სამწუხაროდ, არ იძლევა გარანტიას იმის, რომ კოვიდი არ დაგემართება“, – უთხრა მან ჟურნალისტებს.

1 დეკემბრიდან, საქართველოში კოვიდ პასპორტები ამოქმედდება. 18 წელს ზემოთ საქართველოს მოქალაქეები კაფეებში, ბარებში, რესტორნებში, კინოებში, თეატრებში, მუზეუმებს, სავარჯიშო დარბაზებსა და სასტუმროებში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებენ, თუკი ორი დოზით არიან აცრილნი, გადატანილი აქვთ ვირუსი, ან აქვთმაქსიმუმ 72 საათით ადრე გაკეთებული PCR ტესტის ან – 24 საათის ვადაში გაკეთებული სწრაფი/ანტიგენის ტესტის უარყოფითი პასუხი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button