ახალი ამბები

ასოცირებული ტრიოს პრემიერმინისტრები ევროკავშირის წარმომადგენლებს შეხვდნენ

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან – დენის შმიგალთან და ნატალია გავრილიცასთან ერთად 30 ნოემბერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს და ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა.

ევროპულის საბჭოს პრეზიდენტმა ასოცირებული ტრიოს პრემიერმინისტრებს სამუშაო სადილზე უმასპინძლა, სადაც მხარეებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის 15 დეკემბრის სამიტზე იმსჯელეს. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამმა პრემიერმინისტრმა ხაზი გაუსვა ერთიან პოზიციას, რომ სამიტმა სამივე ქვეყანას დიფერენციაციისა და მეტი-მეტისთვის პრინციპების საფუძველზე ახალი შესაძლებლობები უნდა გაუხსნას.

ამავე ინფორმაციით, საქართველოს პრემიერმინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის ამბიციურ გეგმაზე, რომელიც 2024 წელს ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე ოფიციალური განაცხადის გაკეთებას გულისხმობს. მან ხაზი გაუსვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, სამიტის საბოლოო დეკლარაციაში აისახოს საქართველოს ევროპული არჩევანი, ისევე, როგორც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა.

ღარიბაშვილმა საქართველოს პრიორიტეტულ მიმართულებებზეც ისაუბრა და მათ შორის ევროკავშირთან სატრანსპორტო და საკომუნიკაციო კავშირების გაძლიერება დაასახელა.

საქართველოს პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ წვდომა ევროკავშირის ერთიან ეკონომიკურ სივრცესთან და სექტორული კუთხით თანამშრომლობის მაქსიმალურად გააქტიურება „ხელს შეუწყობს ასოცირებული ქვეყნების ფიზიკურ ინტეგრაციას ევროკავშირში“.

„ჩვენი ევროპული ინტეგრაციის საფუძველი საერთო ევროპული ღირებულებების დაცვაა“, – დაწერა ღარიბაშვილმა შეხვედრის შემდეგ Twitter-ზე. „მადლიერი ვარ ჩვენი სახელმწიფოების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერისთვის“.

თავის მხრივ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის „ყველაზე სანდო პარტნიორია“ და დასძინა, რომ „ჩვენი თანამშრომლობის ქვაკუთხედი, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობაა“.

იმავე დღეს, სამი პრემიერმინისტრი ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბრის ერთ-ერთი თემა სექტორული ინტეგრაცია იყო, რაც სხვადასხვა სფეროში პოლიტიკის ევროკავშირის სტანდარტებსა და ნორმებთან დაახლოებას გულისხმობს, განსაკუთრებით გარემოს დაცვისა და კლიმატის, ციფრული ტრანსფორმაციის, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სექტორში.

ამავე ინფორმაციით, მხარეებმა ხაზი გაუსვეს ევროპული ინტეგრაციის მთავარი ღირებულებების მნიშვნელობას, როგორებიცაა – დემოკრატიის კონსოლიდაცია, კანონის უზენაესობის გაძლიერება და ადამიანის უფლებების დაცვა.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტის დეკლარაციაზე, რომელშიც „მნიშვნელოვანია, აისახოს ასოცირებული ტრიოს პრიორიტეტები“. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრებმა გამოთქვეს რწმენა, რომ სამიტი ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის პარტნიორ ქვეყნებს ევროკავშირის ბაზარზე ეტაპობრივი წვდომისთვის.

ღარიბაშვილმა ევროკომისიის პრეზიდენტთან შეხვედრას „ნაყოფიერი“ უწოდა და აღნიშნა, რომ „დარწმუნებული ვარ, ჩვენი პარტნიორობა ხელს შეუწყობს მყარი საფუძვლის შექმნას ჩვენი ევროპული ინტეგრაციისთვის“.

თავის მხრივ, ევროკომისიის პრეზიდენტმა Twitter-ზე დაწერა, რომ იგი მოუთმენლად ელის მოახლოებულ სამიტს, რომელიც „ჩვენ აღმოსავლეთ პარტნიორობას ახალ იმპულსს შესძენს“. „გამოვიყენოთ ჩვენი ასოცირების შეთანხმებების სრული პოტენციალი და გავაძლიეროთ ჩვენი თანამშრომლობა“, – დასძინა მან.

სამი პრემიერმინისტრი 30 ნოემბერს ევროპარლამენტის პრეზიდენტს, დევიდ სასოლისაც შეხვდა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საერთო მისწრაფებებსა და გამოწვევებზე, მათ შორის, ოკუპაციასა და ჰიბრიდულ საფრთხეებზე ისაუბრეს.

მხარეებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტის დეკლარაციაში ასოცირებული ტრიოს პრიორიტეტების ასახვის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. საუბარი ასევე შეეხო ევროკავშირთან სამი სახელმწიფოს პოლიტიკური, ეკონომიკური და დარგობრივი ინტეგრაციის ახალ შესაძლებლობებს, თანამშრომლობის გაფართოებას ისეთ სფეროებში, როგორებიცაა – დაკავშირებადობა, მათ შორის, სატრანსპორტო, ენერგეტიკულ და ციფრულ განზომილებებში, სავაჭრო და ეკონომიკური ინტეგრაციის, კლიმატის ცვლილებების, რეგიონული უსაფრთხოების, ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავების მიმართულებით.

„მადლიერი ვარ ევროპარლამენტის მიერ ასოცირებული ტრიოს ქვეყნების ევროპული მისწრაფებების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის“, – დაწერა ღარიბაშვილმა Twitter-ზე.

თავის მხრივ, პრეზიდენტმა სასოლიმ განაცხადა, რომ ევროპარლამენტი სრულ მხარდაჭერას უცხადებს ასოცირებული ტრიოს ინიციატივას და მათ მჭიდრო პარტნიორობას ევროკავშირთან. „თქვენი ქვეყნები ევროპის, ჩვენი საერთო ისტორიის და საერთო მომავლის მნიშვნელოვანი ნაწილია“, – დაწერა მან Twitter-ზე.

მასალა განახლდება…

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button