skip to content
ახალი ამბები

„ოცნება“: საკრებულოების ბიუჯეტების დამტკიცება ოპოზიციის მიერ შეფერხების თავიდან ასაცილებლად დაჩქარდა

ქართული ოცნების დეპუტატმა, სოზარ სუბარმა განცხადა, რომ საქართველოს ექვს მუნიციპალიტეტებში მომავალი წლის ბიუჯეტის წინა მოწვევის საკრებულოს შემადგენლობების მიერ დამტკიცება „ყველაზე სწორი, განვითარებაზე ორიენტირებული გადაწყვეტილება იყო“ და ის ოპოზიციის მიერ შესაძლო შეფერხების თავიდან აცილებას ისახავდა მიზნად.

„ჩვენ გამოვიყენეთ ის შესაძლებლობა, რომელსაც გვაძლევს საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა, რათა ოპოზიციაში მყოფ რადიკალურ ძალებს, რომლებიც მუდმივად არეულობის შექმნაზე არიან მომართული, მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის ჩაგდების, შესაბამისად, ადგილობრივი ორგანოების სამსახურების მუშაობის, ინფრასტრუქტურული პროექტების შეჩერების, ჯამში კი, ჩვენი ქალაქებისა და სოფლების განვითარების შეჩერების შესაძლებლობა არ მისცემოდათ“, – განაცხადა სუბარმა.

წინა მოწვევის საკრებულოს წევრებმა ქართული ოცნებიდან ბიუჯეტები დაჩქარებული წესით ბათუმის, რუსთავის, მარტვილის, სენაკის, ჩხოროწყუსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში მიიღეს, სადაც ქართულმა ოცნებამ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე მერის არჩევნებში გაიმარჯვა, თუმცა საკრებულოებში უმრავლესობები ვერ მოიპოვა.

სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების 26 ნოემბრის საკრებულოს სხდომების დროს განხორციელებული ქმედებებით „დასტურდება, რომ ყველგან, სადაც ამის შესაძლებლობა ჰქონდათ, პრობლემების შექმნას აპირებდნენ, რათა არ დამტკიცებულიყო ბიუჯეტი“.

მან ბათუმსა და ზუგდიდში ოპოზიციის მცდელობებს, რომ საკრებულოს სხდომები ჩაეშალათ „ცირკი“ უწოდა და აღნიშნა, რომ ოპოზიციის მიერ გამოყენებული მეთოდები, მათ შორის სპეციფიური სუნის მქონე ხსნარის სხდომათა დარბაზში დასხმა, „კარგად უჩვენებს ამ ხალხის რეალურ სახეს“.

„იქ, სადაც არის საზოგადოებრივი ინტერესი, არჩევანი განვითარებასა და სტაგნაციას შორის, ყოველთვის მოსახლეობის მხარეს დავდგებით და ყველა ლეგალურ შესაძლებლობას გამოვიყენებთ, რათა ამ ძალებმა საკუთარ მიზნებს მოსახლეობის კეთილდღეობის დაზიანების ფასად ვერ მიღწიონ“, – განაცხადა მან.

ქვეყნის მასშტაბით ადგილობრივი საკრებულოების ახალი შემადგენლობები მუშაობას 3 დეკემბრიდან შეუდგებიან. საქართველოს კანონმდებლობით, ძველ წევრებსაც და ახლებსაც აქვთ უფლება, რომ ბიუჯეტები დაამტკიცონ.

ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების მტკიცებით, ქართულ ოცნებას სადავო მუნიციპალიტეტებში ვადამდელი ადგილობრივი არჩევნების ეშინია, რომელიც იმ შემთხვევაში ჩატარდება, თუ საკრებულოები ორჯერ ვერ მოახერხებენ ბიუჯეტის დამტკიცებას.

რაც შეეხება თვითმმართველობის კოდექსს, იმ შემთხვევაში, თუ მერის მიერ წარდგენილ ბიუჯეტს საკრებულო დეკემბრის ჩათვლით ვერ დაამტკიცებს, მერია უფლებამოსილია ახალი წლის პირველი კვარტლის თითოეულ თვეში წინა წლის ბიუჯეტის 1/12 დახარჯოს.

მაგრამ თუ მეორე კვარტლისთვისაც ვერ მოხერხდება ბიუჯეტის დამტკიცება, როგორც მერის, ისე საკრებულოს წევრობისთვის ვადამდელი არჩევნები გაიმართება.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ლელო, ევროპული საქართველო, გირჩი – მეტი თავისუფლება და დროა 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებს არ ცნობენ და მის შედეგებს გაყალბებულს უწოდებენ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button