Placeholder canvas
ახალი ამბები

ბჟანია მოსკოვის ვიზიტს აუქმებს და „შს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს“ ნიშნავს 

ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერმა ასლან ბჟანიამ 3 ოქტომბერს რუსლან აჟიბა „შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად“ დანიშნა მას შემდეგ, რაც დმიტრი დბარმა სოხუმში, 30 სექტემბერს „ერთი მხრივ, პოლიციელებსა და მეორე მხრივ, დეპუტატ გარი კოკაიასა და ომის ვეტერანებს შორის“ მომხდარი ინციდენტის გამო უფლებამოსილების დროებით შეჩერება მოითხოვა.

ბჟანიამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მოსკოვში ვიზიტი გააუქმა და აფხაზეთში დაბრუნდა, სადაც სოხუმში სამართალდამცველი სტრუქტურების ხელმძღვანელობას, „პრემიერ-მინისტრ“ ალექსანდრე ანქვაბსა და „უშიშროების საბჭოს მდივანს“, სერგეი შამბას შეხვდა.

შეხვედრაზე დბარმა იმედი გამოთქვა, რომ მისი მოადგილეები, რომლებიც ასევე მონაწილეობდნენ ინციდენტში, მიბაძავენ მას და გამოძიების პროცესში უფლებამოსილების დროებით შეჩერებას მოითხოვენ.

ოკუპირებულ რეგიონში სულ უფრო ინტენსიური გახდა მოწოდებები სროლის ინციდენტში შესაძლო მონაწილეობის გამო დბარისა და მისი მოადგილეების გადადგომის თაობაზე.

ომის ვეტერანთა გავლენიანმა ჯგუფმა „არუაამ“ 4 ოქტომბერს ვეტერანებს საპროტესტო აქციის გამართვისკენ მოუწოდა. ომის ვეტერანმა გივი დოპუამ განაცხადა, რომ სამართალდამცველებთან ჩხუბის დროს, შვიდი ომის ვეტერანი სცემეს და მიწაზე დააგდეს. „ძლივს გავაჩერეთ ხალხი, რომ არ ყოფილიყო ლინჩის წესით გასამართლება“, – განაცხადა დოპუამ.

აფხაზეთის „შინაგან საქმეთა სამინისტრომ“ გასულ კვირას განაცხადა, რომ დეპუტატმა კოკაიამ საკუთარი იარაღიდან ჰაერში, გამვლელების თანდასწრებით ხუთჯერ გაისროლა და მილიციის თანამშრომლების მიმართ „აშკარა აგრესია“ გამოავლინა. ინციდენტი 30 სექტემბერს მოხდა, როდესაც ოკუპირებული რეგიონი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების აფხაზეთიდან გაძევების 28 წლისთავს აღნიშნავდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button