skip to content
ახალი ამბები

ერგნეთში IPRM-ის 103-ე შეხვედრა გაიმართა

ცხინვალის საოკუპაციო ხაზის მახლობლად მდებარე სოფელ ერგნეთში 18 ნოემბერს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 103-ე შეხვედრა გაიმართა.

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ, რომელიც IPRM-ის შეხვედრების თანაფასილიტატორია ეუთოსთან ერთად, განაცხადა, რომ მონაწილეებმა განიხილეს გადაკვეთის პუნქტების დახურვა და სხვა შეზღუდვები რომლებიც გავლენას ახდენს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ცხოვრებაზე. მათ ყურადღება გაამახვილეს ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე უსაფრთხოების კუთხით განვითარებულ უახლეს მოვლენებზე, დაკავებების შემთხვევებზე, ჩორჩანა-წნელისის რაიონში არსებულ ვითარებასა და კოვიდ-19 პანდემიის შედეგებზე.

ანიკა სოდერმა, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში და ქეით ფიერონმა, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ, დიალოგის გაგრძელების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და კიდევ ერთხელ გამოხატეს მზადყოფნა, მხარი დაუჭირონ ყველა ძალისხმევას გადაადგილების მეტი თავისუფლების აღდგენის მიზნით.

თანაფასილიტატორმა ანიკა სოდერმა მოუწოდა მონაწილეებს გამოიყენონ პრაგმატული და ჰუმანიტარული მიდგომა დამდეგი დღესასწაულების პერიოდში.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ განაცხადა, რომ შეხვედრაზე თბილისმა სოფელ კირბალის გასწვრივ უკანონო ბორდერიზაციის და საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებების საკითხი დააყენა. მისი თქმით, ყურადღება გამახვილდა საქართველოს მოქალაქის გენადი ბესტაევის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რომელიც ინსულტის გამო 17 ნოემბერს ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს. ანთაძემ ბესტაევს „ოკუპაციის მსხვერპლი“ უწოდა და განაცხადა, რომ მათ მოითხოვეს ინფორმაცია წინა დღეებში ბესტაევის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

ანთაძემ განაცხადა, რომ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ქართველების უკანონო დაკავება განსაკუთრებით სახიფათოა და გამოუსწორებელ ზიანს აყენებს უსაფრთხოების გარემოს ადგილზე.

საინფორმაციო სააგენტოს „რესის“ ცნობით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის წარმომადგენელმა, იგორ კოჩიევმა შეხვედრაზე უარყო ბრალდებები, რომ ბესტაევს ცხინვალში არასათანადოდ ეპყრობოდნენ. კოჩიევმა ქართული მედია საკითხის პოლიტიზირებაში დაადანაშაულა.

მისივე თქმით, ცხინვალმა ჩორჩანა-წნელისის პოლიციის საგუშაგოს აღება მოითხოვა და განაცხადა, რომ დანარჩენი საქართველოს ტერიტორიიდან უპილოტო მფრინავმა აპარატებმა გამყოფი ხაზი არაერთხელ დაარღვიეს.

ერგნეთის მომდევნო შეხვედრა 2022 წლის 20 იანვარს გაიმართება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button