skip to content
ახალი ამბები

ენმ-ის თქმით, არ გამართავენ აქციებს იმ საავადმყოფოსთან, სადაც სააკაშვილს გადაიყვანენ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა აცხადებს, რომ სრულ პასუხისმგებლობას იღებს, არ გაიმართოს საპროტესტო აქციები იმ სამოქალაქო საავადმყოფოს გარეთ ან მიმდებარედ, სადაც ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება მოშიმშილე ექსპრეზიდენტის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანაზე უარის არაერთ მიზეზს შორის სააკაშვილის მომხრეების შესაძლო შეთქმულებასაც ასახელებს, რომლის მიხედვითაც ისინი ძალისმიერი გზებით ეცდებიან ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკიდან გათავისუფლებას.

ამჟამად ექს-პრეზიდენტი გლდანის ციხის საავადმყოფოში იმყოფება, სადაც ის 8 ნოემბერს, მისივე თქმით, მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაიყვანეს. სააკაშვილი ციხის საავადმყოფოში ნებისმიერ მკურნალობაზე უარს აცხადებს და სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვს.

„მშვიდობიანი საპროტესტო აქციების გამართვა დაგეგმილია სხვადასხვა ადგილას, თუმცა მესამე პრეზიდენტის ნებისმიერ ალტერნატიულ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის შემთხვევაში, ადგილზე ან მის სიახლოვეს საპროტესტო აქცია არ იქნება, რათა თავიდან იქნას აცილებული ყველა სახის შესაძლო პროვოკაცია“, – განაცხადა ნაციონალურმა მოძრაობამ 10 ნოემბერს.

ექს-პრეზიდენტის პარტიის თქმით, „ჩვენი უმთავრესი მიზანია პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა და მისი ადამიანური ღირსების დაცვა, რომელიც გარდაუვალი საფრთხის წინაშეა არსებულ ვითარებაში“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button