ახალი ამბები

საქართველოს თავდაცვის მინისტრი სომხეთს სტუმრობს

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე 2-3 ნოემბერს სომხეთში ვიზიტის დროს სომეხ კოლეგას, არშაკ კარაპეტიანს და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.

საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში მიმდინარე და მომავალი თანამშრომლობის საკითხი განიხილეს. „მხარეებმა კეთილმეზობლური, მეგობრული ურთიერთობის, ასევე, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნეს“, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურმა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მეზობელ ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში სხვადასხვა მიმართულებით, სამხედრო განათლების, სამხედრო მედიცინის, მრავალეროვნული სწავლებების კუთხით არსებულ თანამშრომლობასა და ამ კავშირების გაღრმავებაზე.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე, საუბარი თავდაცვის სფეროში თანამშრომლობასა და რეგიონულ საკითხებს შეეხო.

„ჩვენ დაინტერესებულნი ვართ საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავებით ყველა სფეროში, ასევე ჩვენი ძმური ურთიერთობების განვითარებით“, – იტყობინება სომხეთის მთავრობის პრესსამსახური ფაშინიანის სიტყვებზე დაყრდნობით. „მინდა კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ ბოლო პერიოდში სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში ძალიან მაღალი დინამიკაა“.

თავის მხრივ, მინისტრმა ბურჭულაძემ განაცხადა, რომ „ჩემთვის პატივია შევხვდე ისეთ ისტორიულ პიროვნებას, როგორიც არის ბატონი ნიკოლ [ფაშინიანი]“.

მიესალმა რა მჭიდრო ურთიერთობებს თავის წინამორბედსა და ამჟამად პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრს შორის, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ღარიბაშვილსა და ფაშინიანს შორის ურთიერთობები „არის ის საფუძველი, რაზეც უნდა დაშენდეს შემდეგ ჩვენი ურთიერთობა“. „ჩემი ვიზიტი ამ ურთიერთობის გაგრძელებაა“, – დასძინა მან.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button