skip to content
ახალი ამბები

ზუგდიდში დაპირისპირებების შედეგად ხუთი პირი დააკავეს 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „სამოქალაქო საქართველოს“ დაუდასტურა, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მე-20 საარჩევნო უბნის მახლობლად მომხდარი რამდენიმე ჩხუბის შედეგად ხუთი პირი დააკავეს.

თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურების დროს მომხდარ დაპირისპირებაში ქართული ოცნების წარმომადგენლები და ნაციონალურ მოძრაობასთან დაახლოებული ორგანიზაციის „მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრები მონაწილეობდნენ.

მმართველი პარტიის ზუგდიდის მერობის კანდიდატმა, მამუკა წოწერიამ, რომელიც ადგილზე იმყოფებოდა, დაპირისპირების მიზეზად ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების მიერ ზუგდიდის მკვიდრთა „სეპარატიზმში” დადანაშაულება დაასახელა.

„მოძრაობა საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა, გიორგი მუმლაძემ განაცხადა, რომ დაპირისპირებას წინ უძღოდა ინციდენტი, სადაც „მოგზავნილების“ ჯგუფმა ორგანიზაციის წევრებს შეურაცხყოფა მიაყენა და მათ „ჩამოთრეულები“ უწოდა. მანვე აღნიშნა, რომ წოწერიამ მისი და მისი კოლეგების საცემად ხალხი მოიყვანა.

ადგილზე გადაღებულ ვიდეოკადრებში ჩანს, თუ როგორ აკავებს პოლიცია რამდენიმე ადამიანს, მათ შორის, ნაციონალური მოძრაობისა და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებს, ასევე მათ, ვინც ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ გამოდიოდნენ.

მედიის ინფორმაციით, კონფლიქტი თავდაპირველად საარჩევნო უბნების სიახლოვეს პარტიის კოორდინატორების გამოჩენას მოყვა. ახალი საარჩევნო კოდექსით დამატებითი შეზღუდვებია გათვალისწინებული საარჩევნო უბნებთან 100 მეტრის რადიუსში შეკრებასა და აგიტაციის გაწევაზე.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ქართული ოცნების მერობის კანდიდატი, მამუკა წოწერია, რომელმაც პირველ ტურში ხმების 41.2% მიიღო, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს, ანზორ მელიას უპირისპირდება, რომელმაც პირველ ტურში ხმების 46.8% მოაგროვა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button