skip to content
ახალი ამბები

მეორე ტურებში ანა დოლიძე მხარს არცერთ პარტიას დაუჭერს

პარტია ხალხისთვის დამფუძნებელმა, ანა დოლიძემ, რომელმაც 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე დედაქალაქის მერობისთვის ბრძოლაში მე-4 ადგილი დაიკავა, განაცხადა, რომ მეორე ტურებში მხარს არცერთ პარტიას დაუჭერს.

მეორე ტურში დედაქალაქის მერობაზე ერთმანეთს მოქმედი მერი, კახა კალაძე და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია დაუპირისპირდებიან. კახა კალაძემ პირველ ტურში ამომრჩევლის ხმების 45.% მიიღო, ნიკა მელიამ კი – 34.01%.

ანა დოლიძემ, რომელმაც 2 ოქტომბრის არჩევნებზე ხმების 4.56% მოაგროვა, 16 ოქტომბერს განაცხადა, რომ გადაწყვეტილება პარტიის 200-მდე მომხრესა და მხარდამჭერთან კონსულტაციებს ეფუძნება.

ანა დოლიძის თქმით, მის პარტიას მხარს ამომრჩევლის შემდეგი სამი ჯგუფი უჭერს – ერთი, რომლისთვისაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის ცვლილება, მათ შორის ხელისუფლების; მეორე ის ჯგუფია, რომლისთვისაც დღეს წარმოდგენილი არჩევანი რეალურ ალტერნატივას არ წარმოადგენს; მესამე ჯგუფი კი – ის ნაწილია, რომელიც მხარს არ უჭერს და არ დაუჭერს ნაციონალურ მოძრაობას.

„პარტია ხალხისთვის შეიქმნა მთავარი მიზნით, რომ ჩვენ გავარღვიოთ ის მანკიერი ორპოლუსიანობა, რომელიც არის ჩვენ წინაშე… ეს არის მომავალზე ორიენტირებული პარტია. ამავე დროს, სამწუხაროდ, 3 ოქტომბრის რეალობამ ჩვენ დაგვაყენა არასასიამოვნო გამოწვევის წინაშე. ისევ და ისევ ჩვენ წინაშეა ორპოლუსიანი არჩევანი, რომელიც ჩვენ გვინდოდა, რომ დაგვემარცხებინა“, – განაცხადა მან.

უფრო ადრე, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, რომელიც ხმების 9.41%-ით თბილისის მერობისთვის ბრძოლაში მესამე ადგილზე გავიდა, თქვა, რომ იგი მის ამომრჩეველს მეორე ტურში  რომელიმე კანდიდატის მხარდაჭერისკენ არ მოუწოდებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button