skip to content
ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრი მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლაზე საუბრობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, დღეს Facebook-ზე საქართველოში მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების შესახებ წერილობით განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც იგი ყოფილი პრეზიდენტის ქვეყანაში დაბრუნების მიზეზებსა და გარემოებებზე საუბრობს.

ირაკლი ღარიბაშვილმა, ყოფილი პრეზიდენტის საქართველოში ჩამოსვლის რამდენიმე მისეულ ვერსიაზე გაამახვილა ყურადღება, რომელთა შორისაცაა – „ძალაუფლების დაბრუნების სურვილი“, „ეგოიზმი“, მისივე პარტიის სხვა ლიდერებზე „ეჭვიანობა“ და „ნარკოდამოკიდებულება“. თუმცა, მისივე თქმით, „ყველაზე ლოგიკური“ ვერსია, მაინც „ხელისუფლების გადატრიალების მყარი იმედი“ იყო.

პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ მიხეილ სააკაშვილის „რევოლუციური განზრახვა წარუმატებლობისთვის იყო განწირული“, რადგანაც 3 ოქტომბერს ოპოზიციის მიერ დაგეგმილ „მაქსიმუმ 500-კაციან შეკრებას“ პოლიცია „წყლის ჭავლის ან მაქსიმუმ, მხუთავი აირის გამოყენებით დაშლიდა“ და სააკაშვილსაც „უმარტივესად“ დააკავებდა.

„სააკაშვილს შეიძლება აღარ ახსოვდა, რომ პრემიერი გიორგი გახარია აღარაა და დღეს სახელისუფლო გუნდი ერთიანია, როგორც არასდროს“, – დასძინა მანვე.

„სააკაშვილი საკუთარ თავს უმღეროდა „მიშა მაგარიას“ და თავისი სიცრუე თავადვე დაიჯერა. სინამდვილეში კი, „ნაციონალური მოძრაობა“ არის კრიმინალური მიდრეკილებების მქონე ხელმოცარული ადამიანების ჯგუფი, რომელსაც არაფრის სწორად დაგეგმვა და მართვა არ შეუძლია“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ „უკვე წლებია, ნაციონალური მოძრაობა და მისი პროპაგანდისტული პარტიული ტელევიზიები ცდილობენ დაამკვიდრონ ყალბი აღქმა ჩამოშლილი სახელმწიფოს შესახებ“ და „თავისივე ტყუილი თავადვე დაიჯერეს“.

თუმცა, მისივე თქმით, „ჩამოშლილი სახელმწიფოს“ ნაცვლად, მიხეილ სააკაშვილს საქართველოში „კარგად ორგანიზებული სახელმწიფო სისტემა დახვდა“.

მანვე ხაზი გაუსვა, რომ ციხეში შესვლის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი ფსიქიკური მდგომარეობა „რადიკალურად“ შეიცვალა – „გაღიმებული შევიდა ციხეში და ახლა არაფერი ადარდებს გარდა იმისა, რომ როგორმე ციხიდან გამოვიდეს“.


მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, საქართველო 2013 წელს, პრეზიდენტობის ვადის ამოწურვისა და მმართველობაში ქართული ოცნების მოსვლიდან ერთი წლის შემდეგ დატოვა.

საზღვრის უკანონო კვეთის გარდა, ყოფილ პრეზიდენტს ქართული მართლმსაჯულება კიდევ რამდენიმე საქმეს ედავება. 2018 წელს, სასამართლომ სააკაშვილი სანდრო გირგვლიანის გახმაურებულ საქმეზე მსჯავრდებულთა შეწყალებისა და ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებში დამნაშავედ ცნო. მას ჯამში 6 წელი აქვს მისჯილი.

ყოფილ პრეზიდენტს ბრალი ასევე წარუდგინეს საბიუჯეტო თანხების გაფლანგვისა და 2007 წლის ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევისა და ტელეკომპანია იმედში შეჭრის საქმეებზე. სააკაშვილი ყველა ბრალს უარყოფს და მათ პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.

სამართალდამცველებმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიერ საზღვრის „უკანონოდ კვეთის“ საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, 3 პირი სისხლის სამართლის კოდექსის 375-მუხლით (მე-2) დააკავეს, რაც „მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვას“ გულისხმობს და 1-4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. საქალაქო სასამართლომ მათ წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა.

მიხეილ სააკაშვილმა გუშინ Facebook-ზე დაწერა, რომ იგი ქვეყანაში იმისთვის დაბრუნდა, რომ „ჩვენს ხალხს თავისუფლების და დემოკრატიის აღდგენის საქმეში“ დახმარებოდა.

„მე ვრჩები თავისუფალ ადამიანად გისოსებს მიღმაც“, – თქვა მანვე და დასძინა, რომ შიმშილობას იქამდე არ შეწყვეტს, სანამ მას და მის გამო დაკავებულებს არ გაათავისუფლებენ. „მე ძალიან მიყვარს სიცოცხლე, მაგრამ ეს შიმშილობა იქნება ჩემი სიცოცხლის დასრულებამდე და ყველა შემთხვევაში“, – აღნიშნა ყოფილმა პრეზიდენტმა.

შენიშვნა: ოპონენტებისა და საზოგადოების ნაწილის მხრიდან „მხუთავ აირთან“ დაკავშირებული კრიტიკის შემდეგ, მოგვიანებით, პრემიერმა განცხადება ჩაასწორა და „მხუთავი აირი“ „ცრემლსადენი აირით“ შეცვალა. თუმცა, ძველ ვერსიას პოსტის Facebook-ის ცვლილებების ისტორია ინახავს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button