skip to content
ახალი ამბები

ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები თვითმმართველობის არჩევნებს აფასებენ 

სამმა ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ – „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“(ISFED), „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ (საია) და „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ (TIG) 3 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნებზე დაკვირვების წინასწარი შეფასება გამოაქვეყნეს.

„სამართლიანი არჩევნები“ 

„სამართლიანმა არჩევნებმა“, რომელმაც 260 საჩივარი დაწერა, განაცხადა, რომ საქართველოს მასშტაბით საარჩევნო უბნების უმრავლესობაში კენჭისყრის პროცესი, ძირითადად, მშვიდ გარემოში, კანონის მოთხოვნების შესაბამისად მიმდინარებდა. თუმცა, „გამოიკვეთა ცალკეული ტენდენციები, რომლებმაც არჩევნების დღის გარემოზე უარყოფითად იმოქმედა“.

ორგანიზაციამ განაცხადა, რომ უბნის შიგნით, დაფიქსირდა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის არაერთი ფაქტი, უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირთა მიერ ამომრჩეველთა აღრიცხვა, არასათანადო დოკუმენტაციის საფუძველზე ხმის მიცემისა და მარკირების გავლისა და შემოწმების პროცედურის დაუცველად ხმის მიცემის შემთხვევები.

ორგანიზაციისვე თქმით, ხშირი იყო „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებისთვის დაკვირვების უფლების შეზღუდვა და აღნიშნული ფიქსირდებოდა საარჩევნო უბნების გახსნის მომენტიდან ხმის დათვლის პროცესის დასრულებამდე. ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ უბნების გარეთ დაფიქსირდა „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებიც.

სამართლიანი არჩევნების“ თქმით, პრობლემური იყო ზოგიერთი უბნის მიმდებარედ არსებული გარემო, სადაც გამოიკვეთა ამომრჩეველთა მობილიზების, აღრიცხვისა და სავარაუდო მოსყიდვის არაერთი ფაქტი. ამავე ინფორმაციით, გარე დაკვირვების პროცესში გამოვლინდა სატრანსპორტო საშუალებებით ამომრჩეველთა რამოდენიმეჯერ გადაყვანის შემთხვევა საარჩევნო უბნამდე.

„საია“

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ განაცხადა, რომ ხმის მიცემისას პროცედურული ხარვეზები გამოვლინდა კენჭისყრის დღის სხვადასხვა ეტაპზე. ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ „დღის განმავლობაში ზოგ უბანზე არსებულ დაძაბულ ატმოსფეროს შეეძლო, გავლენა მოეხდინა როგორც ამომრჩევლის ქცევაზე, ისე თავად პროცესის მონიტორინგზე“.

„საია“-მ ამომრჩევლის ნების კონტროლზეც გაამახვილა ყურადღება. ორგანიზაციის თქმით, დღის განმავლობაში არაერთი უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიმჩნეოდა პირთა კონცენტრაცია, რაც „კენჭისყრის მიმდინარეობისას თვალთვალის გარემოს ქმნიდა და ხელს უშლიდა ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლინებას“.

„საია“-ს თქმით, უბნების ნაწილზე მის დამკვირვებლებს შეეზღუდათ დაკვირვების შესაძლებლობა. „გამოვლინდა ორგანიზაციის დამკვირვებლების მიმართ მუქარის, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტები“, – აღნიშნა ორგანიზაციამ და დასძინა, რომ ექვსი დამკვირვებელი „გააძევეს უბნიდან, ხოლო ერთ შემთხვევაში შეუქმნეს ზეწოლის გარემო“.

„საია“-მ, რომელმაც 130 საჩივარი დაწერა, განაცხადა, რომ ტენდენციის სახით გამოიკვეთა საოლქო საარჩევნო კომისიებში უბნებიდან ჩანაწერთა წიგნისა და ბიულეტენების დაულუქავი სახით მიტანა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ განაცხადა, რომ წინასაარჩევნო პერიოდისა და არჩევნების დღის ანალიზმა აჩვენა, რომ „ხელისუფლებას კვლავ არ გააჩნია არჩევნების მაღალი დემოკრატიული სტანდარტებით ჩატარების პოლიტიკური ნება და საარჩევნო რეფორმისას დასახული ამბიციური მიზნების მიღწევისგან ქვეყანა ჯერ კიდევ შორსაა“.

„ბევრი საარჩევნო უბნის გარეთ, მათ შორის, კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე კვლავ შეინიშნება პარტიული კოორდინატორების თავშეყრა, რაც საარჩევნო კოდექსში შესული ახალი ცვლილებებით, სამართალდარღვევას წარმოადგენს“, – განაცხადა ორგანიზაციამ.

„ასევე, დაფიქსირდა ერთი და იმავე პირის მიერ რამდენიმეჯერ ხმის მიცემის, დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლის, საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის ფარულობის დარღვევის, ჟურნალისტებზე შეურაცხყოფის, უბნებზე არაუფლებამოსილი პირების ყოფნისა და სხვა შემთხვევები“, – ნათქვამია ანგარიშში.

ორგანიზაციის თქმით, „მარნეულის საარჩევნო ოლქის ორ და ნინოწმინდის ოლქის ერთ უბანზე ჩვენმა დამკვირვებლებმა ერთი და იმავე პირის მიერ ხმის რამდენიმეჯერ მიცემის რამდენიმე შემთხვევა დააფიქსირეს“. „საქართველოს პროფესიული განათლებისა და კვალიფიციური კადრების მომზადების მუშაკთა და სტუდენტთა პროფესიული კავშირის დამკვირვებელმა ტოფიგ აკბეროვმა მარნეულის მე-13 უბანში რამდენჯერმე მისცა ხმა“, – განაცხადა ორგანიზაციამ.

„საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველომ“ აღნიშნა, რომ ზუგდიდის, საბურთალოს, ნაძალადევისა და ფოთის საარჩევნო ოლქების უბნებზე კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმის შედგენის პროცესი გაიწელა. „შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ საუბნო საარჩევნო კომისიები წინასწარ იყვნენ გაფრთხილებული, შემაჯამებელი ოქმების შევსებამდე ისინი საოლქო კომისიებისთვის ეჩვენებინათ. მსგავს პრაქტიკას არ ითვალისწინებს საარჩევნო კოდექსი და საუბნო კომისიების კომპეტენციაში არაგონივრულ ჩარევად შეიძლება მივიჩნიოთ“, – განაცხადა ორგანიზაციამ.

მისი თქმით, ორგანიზაციის დამკვირვებლებმა 160-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევის შესახებ შეატყობინეს ორგანიზაციას, რომელთა საფუძველზეც, 30 საჩივარი დაწერეს და მარნეულში ორი უბნის შედეგების გაუქმება მოითხოვეს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button