ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილი კოალიციური მთავრობის აუცილებლობაზე საუბრობს

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ყოველკვირეულ ჟურნალ Le Journal du Dimanche-თვის 25 სექტემბერს მიცემულ ინტერვიუში საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის მიზნებზე, ასევე ქართული ოცნების 9-წლიანი მმართველობის თავზე კოალიციური მთავრობის აუცილებლობაზე ისაუბრა.

ქვეყანაში დღეს არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე საუბრისას, საქართველოს პრეზიდენტმა თქვა, რომ „პოლარიზაციის გადალახვა ძალიან რთულია“ და დასძინა, რომ მოახლოებული არჩევნები გვიჩვენებს, შეძლებს თუ არა ქვეყანა მის გადალახვას.

„9 წლის განმავლობაში სახელისუფლებო უმრავლესობის მიერ დაკომპლექტებული მთავრობის შემდეგ, ნათელია, რომ კოალუციური მთავრობა აუცილებელია. თუმცა, რთულია იმის დანახვა, თუ როგორ შეძლებს ფუნქციონირებას, როდესაც პოზიციები ამდენად ანტაგონისტურია“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ევროკავშირსა და ნატოში გაერთიანება ქვეყნის მთავარი მიზანი და „საქართველოს განვითარების ერთადერთი პერსპექტივაა“. „საქართველო გულით ევროპულია და თავის ყოველდღიურ ცხოვრებაში უფრო და უფრო ასეთი ხდება“, – თქვა პრეზიდენტმა, თუმცა დასძინა, რომ „მას კიდევ უფრო მეტად შეუძლია იყოს ევროპული“.

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთმა დაამძიმა თავისი პოზიციები როგორც ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ისე უკრაინაში. მანვე ხაზი გაუსვა, „ის, რაც აკლია ევროკავშირს, არის ხედვა ამ კონფლიქტებიდან გამოსავალზე და რუსეთისათვის შეთავაზებები“ და დასძინა, რომ „მხოლოდ სანქციები შედეგს ვერ მოიტანს“.

პრეზიდენტი ზურაბიშვილი ავღანეთიდან ამერიკის შეერთებული შტატების გასვლის საკითხსაც შეეხო და თქვა, რომ „ეს არასტაბილურობის ფაქტორია, განსაკუთრებით, რუსეთისთვის“. „ეს რეგიონი გახდა მისი ჭეშმარიტი უკანა ეზო“. თუმცა, მისივე თქმით, „ჩვენ აღარ ვართ“ მოსკოვის უკანა ეზო.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button