ახალი ამბები

ღარიბაშვილმა ნიუ-იორკში ვიზიტი დაასრულა 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 25 სექტემბერს ნიუ-იორკში ვიზიტი დაასრულა, სადაც გაეროს გენერალური ასამბლეის სესიას დაესწრო და უცხოელ ლიდერებს შეხვდა.

ბოლო ორმხრივი შეხვედრა პრემიერ-მინისტრმა 24 სექტემბერს თავის ბერძენ კოლეგასთან, კირიაკოს მიცოტაკისთან გამართა. მხარეებმა სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებზე იმსჯელეს და პანდემიის შემდგომ ეკონომიკურ გაჯანსაღებაში ტურიზმის როლი განიხილეს.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს ერთგულებას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისადმი.

ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, რომელიც ასევე იყო ქართული დელეგაციის წევრი, ვიზიტი რამდენიმე კოლეგასთან შეხვედრით დაასრულა. 24 სექტემბერს იგი ჩეხეთის, დანიის, ესტონეთის, ყირგიზეთის, სინგაპურის, კოტ-დ’ივუარი, რუანდისა და განას საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა.

ჩეხ კოლეგასთან, იაკუბ კულჰანეკთან შეხვედრაზე, მხარეებმა სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს 2018-2023 წლების სტრატეგიაში, საქართველო პრიორიტეტული ქვეყნების სიაშია.

თავის მხრივ, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ გამოხატა თავისი ქვეყნის მზადყოფნა, დაეხმაროს საქართველოს ევროკავშირთან და ნატოსთან უფრო მჭიდრო კავშირების დამყარებაში.

აშშ-ში საქართველოს დელეგაციის ვიზიტი 20 სექტემბერს დაიწყო. 

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button