ახალი ამბები

პრემიერის თქმით, ნაციონალურ მოძრაობას პოლიტიკაში დარჩენის „მორალური უფლება არ აქვს“

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, 9 აგვისტოს, რუსთავში, ქართული ოცნების მერობის კანდიდატის, ნინო ლაცაბიძის წარდგენისას, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომი გაიხსენა და თქვა, რომ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც ქვეყანას „ეს უმძიმესი ომი ვერ აარიდა“, პოლიტიკაში დარჩენის „მორალური უფლება“ არ აქვს.

ღარიბაშვილის თქმით, ყოფილმა ხელისუფლებამ ქვეყანა „გამოუსწორებელი შედეგებისგან“ ვერ დაიცვა, რის გამოც „ჩვენ მივიღეთ ჩვენი ტერიტორიების 20% -ის ოკუპაცია, ე.წ. აღიარების პოლიტიკა, ათასობით ჩვენი მოქალაქის დევნილობაში გადმოყვანა“.

პრემიერის განცხადებით, ომის შედეგად დარჩენილი „მოუშუშებელი“ იარები „გვახსენებს იმას, თუ როგორი უნდა იყოს პასუხისმგებლიანი ხელისუფლება და როგორი არ უნდა იყოს ხელისუფალი და ხელისუფლება, რომელიც ვერ იცავს საკუთარ ქვეყანას და საკუთარ ხალხს“.

2008 წლის აგვისტოს ომის წინა პერიოდში „ყველა რისკის“ სათანადოდ შეუფასებლობის გამო, პრემიერმა ყოფილი ხელისუფლება 10 აგვისტოს, დმანისში მმართველი გუნდის მერობის კანდიდატის, კობა მურაბაშვილის წარდგენის დროსაც გააკრიტიკა. მისი თქმით, 2007 წელს, საქართველოდან ბოლო რუსული საჯარისო ნაწილის გაყვანიდან რამდენიმე თვეში, წინა ხელისუფლება „უმეცრებით“ ან „უგუნურებით“ პროვოკაციას წამოეგო და რუსული ჯარი საქართველოში “დააბრუნ[ა]“.

10 აგვისტოსვე, ირაკლი ღარიბაშვილმა აგვისტოს ომს „შეცდომა“ უწოდა ბოლნისის მერობის კანდიდატის დავით შერაზადიშვილის წარდგენისას. მან ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ომის დროს გაქცევასა და სამხედროების მიტოვებაში დაადანაშაულა, მისი ამგვარი საქციელი კი – „კატასტროფად“, „სირცხვილად“ და „ტრაგედიად“ შეაფასა.

„მშვიდობასა და სტაბილურობას არ აქვს ალტერნატივა“, – თქვა პრემიერმა და ხაზი გაუსვა, რომ ქართული ოცნების მმართველობის წლები ის „იშვიათი გამონაკლისია“, როდესაც ქვეყანას ომი არ ჰქონია.

პრემიერ-მინისტრმა ნაციონალური მოძრაობის ყოფილი ხელისუფლება აგვისტოს ომის კონტექსტში „ანტისახელმწიფოებრივ პროვოკაციაში“ 8 აგვისტოს, ომის მე-13 წლისთავზე მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ყოფნის დროსაც დაადანაშაულა.

ღარიბაშვილის მაშინდელი სიტყვის პასუხად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ „სამარცხვინოა, როდესაც სამშობლოს ოპონენტების დასაზიანებლად ომის დაწყებაში ადანაშაულებ“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button