skip to content
ახალი ამბები

მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები შარლ მიშელს მიმართავენ

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელისადმი ერთობლივ მიმართვაში 50-ზე მეტი მედია და არასამთავრობო ორგანიზაცია იმედოვნებს, რომ „საერთაშორისო პარტნიორები ერთად დადგებიან ქვეყანაში დემოკრატიისა და ადამიანის ძირითადი თავისუფლებების დასაცავად. გთხოვთ, გააგრძელოთ საქართველოს ხელისუფლებასთან აქტიური კომუნიკაცია და გააკეთოთ საჯარო განცხადებები ქვეყანაში დემოკრატიულ ჩავარდნებზე და იმუშაოთ სამოქალაქო საზოგადოებასთან იმისათვის, რომ გაგრძელდეს ქვეყნის სვლა ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისკენ“.

წერილი დღეს პრეზიდენტ შარლ მიშელის ბათუმში ვიზიტის პარალელურად გამოქვეყნდა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ბათუმის საერთაშორისო კონფერენციას უნდა დაესწროს, რომელიც 5 ივლისს, თბილისში მომხდარი ჰომოფობიური ძალადობიდან ორი კვირის თავზე იმართება, რა დროსაც სულ ცოტა 53 ჟურნალისტი დაშავდა.

ხელმომწერები ქართული ოცნების ხელისუფლებას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნებით 19 აპრილის შეთანხმების დარღვევასა და მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნების წინ საარჩევნო სისტემის „ძირეულად“ შეცვლისთვის პოლიტიკური ნების არქონაში ადანაშაულებენ.

მათივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პოლიციამ 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით რამდენიმე მოძალადე დააკავა, „ძალადობის ორგანიზატორები დაუსჯელები არიან“. „მართველი პარტია აგრძელებს მედიაზე თავდასხმას, კრიტიკულ მედიასაშუალებებს კი ბოიკოტს უცხადებს, რითაც არღვევს საქართველოს ვალდებულებებს, დაიცვას გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლების სტანდარტები“, – ნათქვამია განცხადებაში.

„დღეს, ისე როგორც არასდროს, მოველით, რომ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები ერთად დადგებიან ქვეყანაში დემოკრატიისა და ადამიანის ძირითადი თავისუფლებების დასაცავად“, – ვკითხულობთ მიმართვაში.

ხელმომწერებს შორის არიან შემდეგი არასამთავრობოები: „სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“; „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო’; „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“; „ღია საზოგადოების ფონდი“. მიმართვას ასევე ხელს აწერენ: „მთავარი არხი“; „ფორმულა“; „ტელეკომპანია პირველი“; „კავკასია“; „ნეტგაზეთი“; „პუბლიკა“; „ტაბულა“ და სხვ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button