ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ზოგჯერ საერთაშორისო პარტნიორების განცხადებები „ნაჩქარევია“

საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადების საპასუხოდ, რა დროსაც მან 5 ივლისს, თბილისში განვითარებული მოვლენების შეფასებისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნაკლები „გადამწყვეტი მოქმედებისთვის“ გააკრიტიკა, ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ „სამწუხაროდ, საერთაშორისო პარტნიორებიც ხანდახან აკეთებენ ხოლმე ნაჩქარევ განცხადებებს“.

14 ივლისს, ტელეკომპანია „რუსთავი 2-თან“ ინტერვიუში ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ „გარკვეული ხარვეზები [კელი დეგნანის] განცხადებაშიც შეგვიძლია დავინახოთ“.

მანვე ხაზი გაუსვა, რომ „ჩვენ სხვა ნაჩქარევი განცხადებებიც მოვისმინეთ, მათ შორის, იმასთან დაკავშირებითაც, თითქოს ჟურნალისტის დაღუპვა იყო დაკავშირებული 5 ივლისის ძალადობასთან…, შემდეგ გაირკვა, რომ ეს განცხადება არ იყო მართალი“. ქართული ოცნების თავმჯდომარემ, დიდი ალბათობით, აშშ-ის საელჩოს 11 ივლისის განცხადებაზე მიანიშნა, რომელშიც საელჩომ სიმშვიდისა და ძალადობის დასრულებისკენ მოუწოდა, „რომელმაც უკვე გამოიწვია ერთი ადამიანის ტრაგიკული სიკვდილი“.

„ტელეკომპანია პირველის“ ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა, 11 ივლისს, მასზე ულტრამემარჯვენე და ულტრაკონსერვატიული ჯგუფების მხრიდან განხორციელებული ძალადობიდან 6 დღეში გარდაიცვალა. შსს ქიმიური ექსპერტიზის შუალედურ დასკვნაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ მისი გარდაცვალების მიზეზი, შესაძლოა, ნარკოტიკებით ზედოზირება ყოფილიყო.

ლაშქარავას ოჯახის წევრები, მეგობრები და კოლეგები უწყების ვერსიას არ ენდობიან და აცხადებენ, რომ ხელისუფლება გარდაცვლილის დისკრედიტაციას ცდილობს. მათივე თქმით, ლაშქარავა მორფს მისთვის მიყენებული დაზიანებებისგან გამოწვეული ტკივილების გასაყუჩებლად იღებდა, რასაც მისი სამედიცინო ისტორიაც ადასტურებს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button