ახალი ამბები

არასამთავრობოები დღეს განვითარებულ მოვლენებში ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობენ

არასამთავრობო ორგანიზაციები დღეს დედაქალაქში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურნენ და ხელისუფლება იმის გამო გააკრიტიკეს, რომ მან ვერ შეძლო კონსტიტუციის დაცვა და ულტრამემარჯვენე და მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ მართული ჯგუფების მიერ განხორციელებული ძალადობის პრევენცია.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება გააკრიტიკა, სადაც მან აღნიშნა, რომ ღირსების მარშის ჩატარება „მიზანშეუწონელია“. „სახელმწიფო მეთაურებისგან და უწყებებისგან მსგავსი განცხადებები და პასუხისმგებლობის მშვიდობიან დემონსტრანტებზე გადატანა იწვევს ისედაც დაძაბული ფონის დამატებით გამძაფრებას, ასევე ახალისებს ჰომოფობიური ჯგუფების ძალადობრივ ქმედებებს და ფაქტობრივად კარტბლანშს აძლევს ძალადობას“, – ხაზი გაუსვა ორგანიზაციამ.

ამასთან, „შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვერ უზრუნველყო პროცესების ეფექტიანად მართვა და სათანადო რაოდენობის საპოლიციო ძალის მობილიზება, რამაც დამატებით შეუწყო ხელი პროცესების გამწვავებას“.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების განცხადებით, „სახელმწიფო ინსტიტუტები ვერ უზრუნველყოფენ კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დაცვას, რის გამოც პრაიდის კვირეულის ორგანიზატორებს დაანონსებული მშვიდობიანი შეკრების გადადება მოუხდათ“. „თბილისის ქუჩებში მიმდინარე ძალადობის კერები სამართალდამცავმა ორგანოებმა ეფექტურად ვერ აღკვეთეს“, – ნათქვამია „სამართლიანი არჩევნების“ განცხადებაში.

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს შეფასებით, „ბოლო პერიოდის განმავლობაში ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლების მიერ არაერთი მუქარის შემცველი განცხადება გავრცელდა, თუმცა ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ნაბიჯები არაეფექტურია“.

„მედიის დარბევის დაწყების წინ პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ 5 ივლისს დაგეგმილი მარშის ჩატარება მიზანშეუწონლად მიაჩნია და მისი ორგანიზატორების უკან რევანშისტული რადიკალური ოპოზიცია დგას. აღნიშნული განცხადებით, საქართველოს პრემიერ მინისტრმა პრაქტიკულად ძალადობის წახალისება მოახდინა“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button