ახალი ამბები

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენციის ძირითადი გზავნილები

სამხრეთ კავკასიაში ვიზიტის დასასრულს, ავსტრიის, ლიეტუვისა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ალექსანდრ შალენბერგმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა და ბოგდან აურესკუმ 26 ივნისს თბილისში ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

აღმოსავლეთ პარტნიორობის შესახებ საუბრისას, რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბოგდან აურესკუმ პარტნიორობის ინკლუზიურობის შენარჩუნების მნიშველობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ევროკავშირი „მზად უნდა იყოს, რომ ჩვენი ყველაზე ამბიციური და ერთგული პარტნიორების, როგორიც საქართველო, უკრაინა და მოლდოვაა, ძალისხმევა წაახალისოს“.

მიულოცა რა საქართველოს ასოცირების შეთანხმების განხორციელებაში მიღწეული პროგრესი, რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მზად არის, შემდგომშიც შეუწყოს ხელი საქართველოს პოლიტიკურ ასოცირებას და ეკონომიკურ ინტეგრაციას ევროკავშირთან.

აურესკუმ ყველა დარჩენილ პოლიტიკურ პარტიას 19 აპრილის შეთანხმების ხელმოწერისკენ მოუწოდა და ხაზი გაუსვა, რომ „ინკლუზიური პოლიტიკური გარემო და შემდგომი მოდერნიზაცია და დემოკრატიზაცია საქართველოს ევროპული დღის წესრიგისთვის მნიშვნელოვანია“.

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ალექსანდრ შალენბერგმა ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში მიმდინარე „ბორდერიზაციის“ პროცესს „მიუღებელი“ უწოდა და აღნიშნა, რომ საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების დაკავება უკანონოა და ისინი დაუყოვნებლივი და უპირობოდ უნდა გათავისუფლდნენ. „ბორდერიზაცია ასევე ადასტურებს, რომ ადმინისტრაციული-სასაზღვრო ზოლის გასწვრივ ჩართულობაა საჭირო“, – აღნიშნა მანვე.

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეთანხმების მიღწევაში, რის შედეგადაც 15 სომეხი ტყვე გათავისუფლდა.

თავის მხრივ, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის დაუყონებლივ გათავისუფლებას. იგი ასევე მიესალმა საქართველოს ძალისხმევას ბაქოსა და ერევანს შორის ნდობის აღდგენის კუთხით და აღნიშნა, რომ თბილისი „განსაკუთრებულ“ როლს ასრულებს რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფაში.

„შეთანხმებები, რომლებშიც ევროკავშირი მონაწილეობდა, სრულად უნდა შესრულდეს“, – დასძინა მან.

კითხვაზე მზად არის თუ არა საქართველო, რომ 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი წარადგინოს, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა უპასუხა, რომ ლიეტუვას მიაჩნია, წევრობა ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა იმ ქვეყნისთვის, რომელიც შესაბამის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველომ რეფორმების განხორციელება უნდა განაგრძოს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button