ახალი ამბები

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები თბილისს სტუმრობენ

ავსტრიის, ლიეტუვის და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, ალექსანდრ შალენბერგი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი და ბოგდან აურესკუ 26 ივნისს საქართველოში ჩამოვიდნენ, სადაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს შეხვდნენ. ვიზიტი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეპ ბორელის მანდატით სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ორგანიზებული ტურნეს ფარგლებში გაიმართა.  

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი შეეხო საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების „წარმატებულ ვიზიტს“ ბრიუსელში, რომელიც ახლად ჩამოყალიბებული ასოცირებული ტრიოს ფორმატში შედგა. პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ „მნიშვნელოვანია, ევროკავშირმა და წევრმა სახელმწიფოებმა გააძლიერონ ასოცირებული ქვეყნების ტრიოს ჩართულობა“ და დასძინა, რომ საქართველო 2024 წელს ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე განაცხადის გასაკეთებლად ემზადება. 

შეხვედრის მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე და ადამიანის უფლებების დარღვევებზე გამყოფი ხაზის გასწვრივ, რომელსაც სამი მინისტრი პრემიერ-მინისტრთან შეხვედრამდე სტუმრობდა. ამ კონტექსტში, მხარეებმა ხაზი გაუსვეს ევროკავშირის უფრო აქტიურ ჩართულობას სამშვიდობო და მოლაპარაკებების პროცესებში, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში.  

„მთავრობის მეთაურმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების – ზაზა გახელაძის და ირაკლი ბებუას დაუყოვნებლივ გათავისუფლებისთვის საჭირო ძალისხმევაზე და ამ პროცესში საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა“, – ნათქვამია პრემიერის პრესსამსახურის განცხადებაში.  

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ვიზიტს Twitter-ზე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ღარიბაშვილთან შეხვედრაზე 19 აპრილის შეთანხმების სრულად განხორციელების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. მან ასევე საქართველოს სასამართლო რეფორმის მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერა გამოხატა.

დღესვე მოგვიანებით  ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები სამხრეთ კავკასიაში ვიზიტის თაობაზე შემაჯამებელ პრესკონფერენციას გამართავენ.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button