skip to content
ახალი ამბები

შსს-მ სოფელ გუმათთან განთავსებული რკინის ჯებირები აიღო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 17 ივნისს განაცხადა, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათთან „უსაფრთხოების მიზნით“ განთავსებული რკინის ჯებირები აიღო.

ამ ნაბიჯს წინ უძღვოდა ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენლის მედიაცია ერთი მხრივ, სამოქალაქო საზოგადოებასა და აქტივისტებს, მეორე მხრივ კი, საქართველოს მთავრობას შორის, რის შედეგადაც ხელისუფლებამ ჯებირების მოხსნისა და ნამახვანჰესის პროტესტის მონაწილეთათვის ხეობაში შესვლის უფლების მიცემის პირობა დადო.

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ შეხვედრაზე მიცემული პირობა შეასრულა. თუმცა, მანვე დასძინა, რომ აქციების დროს დაკავებული აქტივისტების შესახებ პასუხს ხელისუფლებისგან კვლავაც ელიან.

„პროკურატურის მხრიდან უნდა გაკეთებული განცხადება დაკავებულ ბიჭებთან დაკავშირებით, ასევე უნდა გავიდეს პოლიციის ის რაოდენობა, რაც ხეობაშია მობილიზებული ბოლო პერიოდი“, – განაცხადა გოლეთიანმა.

თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღევანდელ განცხადებაში აღნიშნა, რომ „პოლიციის თანამშრომლები გუმათჰესთან და რიონის ხეობაში, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, კვლავ დარჩებიან და საზოგადოებრივ წესრიგს დაიცავენ“.

ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს დირექტორის მოადგილემ, დირკ ბუშლემ 15 ივნისს გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ აქციის მონაწილეებმა, თავის მხრივ, პირობა დადეს, რომ ნამახვანჰესის მშენებლობის ადგილზე მისასვლელ გზას არ ჩაკეტავენ. მისივე თქმით, მედიაციის პროცესი იმ პირობით გაგრძელდება, თუ ორივე მხარე პატივს სცემს საკუთარ ვალდებულებებს, თავშეკავებას გამოიჩენენ და ერთმანეთთან კომუნიკაციას დაამყარებენ.

ნამახვანჰესის შესახებ ადრეული დეტალებისთვის მიჰყევით ბმულს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button