Placeholder canvas
ახალი ამბები

ტოივო კლაარი თბილისსა და ოკუპირებულ რეგიონებს ესტუმრა 

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიისა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ტოივო კლაარი 6-10 ივნისს თბილისს, ცხინვალსა და სოხუმს ეწვია, სადაც საქართველოს ოფიციალურ პირებს, ასევე ოკუპირებული ცხინვალისა და აფხაზეთის ხელისუფლებების წარმომადგენლებს შეხვდა.

6 ივნისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან, გრიგოლ ლილუაშვილთან შეხვედრაზე ოკუპირებულ ცხინვალსა და აფხაზეთში ჰუმანიტარული და უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება განიხილეს. ამასთან, შეხვედრაზე „განსაკუთრებული ყურადღება“ დაეთმო ოკუპირებულ რეგიონებში უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების – ზაზა გახელაძის, ლაშა ხეთერელის, გენადი ბესტაევისა და ირაკლი ბებუას „უპირობოდ“ გათავისუფლების საკითხს.

სუს-ის ცნობით, მხარეებმა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ შექმნილ ვითარებაზეც იმსჯელეს  და მოლაპარაკებების არსებული ფორმატების – ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის პოტენციალის ეფექტიანად გამოყენებისა და გაძლიერების აუცილებლობაზე ისაუბრეს.

ოკუპირებულ ცხინვალში ტოივო კლაარი მოლაპარაკებებში ოსური მხარის წარმომდგენლებს შეხვდა მურატ ჯიოევის ხელმძღვანელობით. 9 ივნისის შეხვედრაზე ოსურმა მხარემ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების რაუნდების გამო უკმაყოფილება გამოხატა, რომლებიც „პრაქტიკულად უშედეგოდ“ სრულდება და ევროკავშირის წარმომადგენელს მოლაპარაკებების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა შესთავაზა.

მურატ ჯიოევმა კიდევ ერთხელ გააჟღერა ცხინვალის მოწოდება თბილისის მიმართ, რომ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას მოაწეროს ხელი. „ჩვენ აღვნიშნეთ, რომ გადადგმული ნაბიჯები მნიშვნელოვანი იყო, თუმცა მათი იურიდიულად გამყარებაა საჭირო, რათა არსებობდეს დოკუმენტი, რომელსაც მყარი საერთაშორისო გარანტიები ექნება“, – განაცხადა ჯიოევმა.

10 ივნისს ტოივო კლაარი სოხუმს ესტუმრა, სადაც იგი აფხაზეთის „საგარეო საქმეთა მინისტრს“ დაურ კოვეს შეხვდა. ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „აფსნიპრესის“ ცნობით, მხარეებმა IPRM-ის გალის შეხვედრების აღდგენის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

„მხარეებმა ასევე განიხილეს რეგიონულ უსაფრთოებასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის თავისუფალი გადაადგილება აფხაზეთში გაცემული დოკუმენტებით“, – იტყობინება „აფსნიპრესი“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button