ახალი ამბები

პოლიტიკოსები გახარიას ახალი პარტიის შესახებ საუბრობენ 

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ 29 მაისს ახალი პარტიის დაფუძნებისა და გუშინ მედიასთან შეხვედრის შესახებ ქართული ოცნებისა და ოპოზიციური პარტიების წევრებმა კრიტიკული, თუმცა განსხვავებული მოსაზრებები გამოთქვეს.

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 31 მაისს განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებამდე გადადგომით, გახარიამ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინტერესების შესაბამისად იმოქმედა. კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ გახარიას გადადგომის შემდეგ, ოპოზიციის მხარდამჭერმა ორმა ტელეკომპანიებმა – „ფორმულამ“ და „ტვ პირველმა“ ყოფილი პრემიერ-მინისტრის „გაპიარება“ დაიწყეს.

მისივე თქმით, გახარიას და სხვა ოპოზიციურ პარტიებს საერთო მიზანი აქვთ, რომ არ მისცენ მმართველ პარტიას საშუალება 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებზე პროპორციული ხმების 43% მოიპოვოს, რასაც შედეგად 2022 წელს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მოჰყვება, როგორც ამას 19 აპრილის შეთანხმება ითვალისწინებს.

კობახიძემ გახარია იმის გამოც გააკრიტიკა, რომ მან კორუფცია ქვეყნის მთავარ გამოწვევად დაასახელა. მან გაიხსენა, რომ მანამდე ის უარყოფდა ბრალდებებს კორუფციული გარიგებების არსებობის თაობაზე.

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, რომ სწორედ გახარიას პრემიერ-მინისტრობის დროს ხდებოდა „კორუფცია, ნეპოტიზმი რომ ყვავის, თურმე, დღეს ხელისუფლებაში“. „ყველამ იცის ვინ მართავს ამ ქვეყანას – ეს არის ბიძინა ივანიშვილის გარშემო შემოკრებილი პატარა ოლიგარქების ჯგუფი, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით. უბრალოდ ამაზე საჭიროა ხმამაღლა საუბარი, განსაკუთრებით იმ ადამიანისგან, ვისაც პრეტენზია აქვს, რომ ოპოზიციაში უნდა დაიმკვიდროს ადგილი”, – განაცხადა მან.

„ჩემი პირადი პოზიცია არის, რომ გახარია არის ბიძინა ივანიშვილის მიერ შემოყვანილი მოთამაშე და ალბათ, რომ ელექტორატის რაღაც ნაწილი იქნებ მიიზიდოს ამ მოთამაშემ“, – განაცხადა ლელო საქართველოსთვის დეპუტატმა ბადრი ჯაფარიძემ.

პარტია სტრატეგია აღმაშენებლის დეპუტატმა, სერგო ჩიხლაძემ აღნიშნა, რომ გახარია საუბრობდა, როგორც „არა ახლადდაბადებული ოპოზიციური პარტიის ლიდერი, არამედ ჩვეულებრივი ქართული ოცნების მაღალჩინოსანი“. მას მხედველობაში გახარიას კომენტარი ჰქონდა, რომელმაც 2019 წლის ივნისის აქციის დარბევა გაამართლა.

დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა, რომელმაც ქართული ოცნება დატოვა, რათა გახარიას პარტიაში გაწევრიანებულიყო, უარყო ბრალდებები, რომ გახარია ივანიშვილის, ან სააკაშვილის ინტერესების გამტარებელია. „ამ პოლიტიკურ გადაბრალებებში შესვლას ჩვენ არ ვაპირებთ“, – აღნიშნა მან.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button