დაწურულადევროპა

შვეიცარიამ ევროკავშირთან მოლაპარაკება შეწყვიტა

რაო, რაო?!

შვეიცარია 2014 წლიდან ცდილობს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ახალი ხელშეკრულების დადებას. 2018 წლიდან ხელშეკრულების სრული ტექსტი მზადაა და განხილვის საგანია. გასულ ოთხშაბათს, ბერნმა და ბრიუსელმა თეთრი ალამი გამოფინეს – ვერ ვთანხმდებითო.

ვითომ რატომაო?

ძირითადად ორი საკითხი შეიქნა განხეთქილების მიზეზი:

  • შვეიცარიას არ უნდა ევროკავშირის ეკონომიკური სივრცის (EEA – ევროკავშირი, პლიუს ნორვეგია, ისლანდია და ლიხტენშტეინი) მოქალაქეებს ბინადრობის უპირობო უფლება მისცეს;
  • შვეიცარიას არ სურს ამ ქვეყნების მოსახლეებს, მათ შორის უმუშევრებს (სტუდენტებს, სამსახურის მაძიებლებს) სოციალური დაცვის სისტემისკენ გაუხსნას გზა.

კიდევ რაო?

შვეიცარია ასევე ჭოჭმანობდა დინამიური საკანონმდებლო თავსებადობის პრინციპის აღიარებაზე.

ეს რაღაა?

ეს იმას ნიშნავს, რომ შეთანხმებით შვეიცარია ევროკავშირის არა მხოლოდ მიმდინარე სავაჭრო და სამრეწველო რეგულაციებს აღიარებდა, არამედ მომავალსაც. ამ გზით ბიზნესი და მოსახლეობა უფრო ადვილად განჭვრეტს მომავალსო, ამბობს ევროკავშირი და თანაც, შესაძლო დავები ევროკავშირის იუსტიციის სასამართლოში გაირჩევაო. შვეიცარიის აზრით, ეს ზედმეტად შეზღუდავდა ქვეყნის სუვერენიტეტს.

ანუ ბერნი და ბრიუსელი უბრად არიან?

არა. ეს შეუძლებელიცაა. ამჟამად შვეიცარიაში ევროკავშირის 1.4 მილიონი მოქალაქე ცხოვრობს. ევროკავშირში კი შვეიცარიის 400 ათასი მოქალაქე იმყოფება. შვეიცარია ევროკავშირის სიდიდით მეოთხე სავაჭრო პარტნიორია ჩინეთის, აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის შემდეგ.  ევროკავშირის ექსპორტის 6.9 % და იმპორტის 5.7 % სწორედ შვეიცარიას ეკუთვნის. შვეიცარიის ექსპორტის დაახლოებით 42 % და იმპორტის 50 % ევროკავშირზე მოდის.

ბერნსა და ბრიუსელს 1972 წლიდან მოყოლებული 120 ხელშეკრულება აკავშირებს. ვაჭრობის მომწესრიგებელი შეთანხმებების უმრავლესობა 1999 წელს შევიდა ძალაში და თავისუფალ გადაადგილებას, საჯარო შესყიდვებს, სოფლის მეურნეობას, კვლევებს და სამოქალაქო ავიაციას ეხება. ყველა ეს ხელშეკრულება ძალაში რჩება.

თუმცა, ახალი ჩარჩო ხელშეკრულების მიუღებლობა შვეიცარიას ევროპის ეკონომიკური სივრცის ბაზარზე წვდომას  შეუზღუდავს და რაც დრო გავა – სულ უფრო შეიძლება დაშორდეს შვეიცარია ევროკავშირის ახალ პროგრამებს, მათ შორის კავშირისთვის შედარებით ახალ, ჯანდაცვის სფეროში.

კიდევ ვის აღელვებს ეს ამბავი?

პირველ რიგში დიდ ბრიტანეთს, რომელსაც ახლაღა მოუწევს თავისუფალი ვაჭრობის სისტემის აწყობა ევროკავშირთან. შვეიცარიასთან ბრიუსელის მოლაპარაკების მარცხმა აჩვენა, რომ ეს არც ისე ადვილია. წარუმატებლობა ალბათ ასევე დააშოშმინებს ზოგიერთ პოლიტიკოსს ნორვეგიაში, რომლებსაც ევროპის ეკონომიკური სივრციდან გამოსვლა სურთ და ამბობენ, პირისპირ საუბრით ევროკავშირთან უფრო სარფიან ხელშეკრულებას გავაფორმებთო.

პირველწყარო
Switzerland pulls out of negotiations to redefine relationship with EU over free movement directive

მსგავსი/Related

Back to top button