ახალი ამბები

კოლექტიური უსაფრთოების ხელშეკრულების ორგანიზაცია ბიოსაფრთხეებზე საუბრობს 

აშშ-ის ფინანსური მხარდაჭერით დაფუძნებული ბიოლოგიური კვლევითი ცენტრები, მათ შორის, თბილისში მდებარე ლუგარის ცენტრი, კვლავაც მოსკოვისა და მისი მოკავშირეების სამიზნეა. რუსეთის წინამძღოლობით მოქმედმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ (ОДКБ) 19 მაისის განცხადებაში ბიოსაფრთხეებზე ისაუბრა და ბიოლოგიური იარაღის შესახებ კონვენციის გაძლიერების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

ხელშეკრულების წევრი ორგანიზაციების (რუსეთი, ბელარუსი, სომხეთი, ყირგიზეთი, ყაზახეთი და ტაჯიკეთი) საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივ გაცხადებაში აღნიშნეს, რომ ეწინააღმდეგებიან კონვენციის ფარგლებში შემოწმების ნაცვლად აღნიშნულ ცენტრებში ნებაყოფლობითი შემაფასებელი ვიზიტების გამართვას. ამ კონტექსტში აღსანიშნავია, რომ 2020 წლის  მაისში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თბილისში მდებარე ლუგარის ცენტრში ბიოლოგიური იარაღის შესახებ კონვენციასთან მისი შესაბამისობის საკითხის შესაფასებლად სტუმრობა მოითხოვა.

„კუხო-მ“ ასევე განაცხადა, რომ 2001 წლიდან ბიოლოგიური აგენტების იარაღად გამოყენების რისკი გაიზარდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც კონვენციის შესასრულებლად სავალდებულო ოქმის შემუშავებაზე მრავალმხრივი მოლაპარაკებები შეჩერდა.

„კუხო-ს“ განცხადებამდე ერთი კვირით ადრე, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, იური ავერიანოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი მოამზადებს წინადადებებს აშშ-ის მიერ დაფინანსებულ კვლევით ცენტრებთან ასოცირებულ „საფრთხეებთან“ დასაპირისპირებლად. მისივე თქმით, ამ ლაბორატორიებში შექმნილი „სასიკვდილოდ სახიფათო მიკროორგანიზმები“, შესაძლოა, გარემოში „ვითომ შეცდომით“ გაუშვან. ავერიანოვის განცხადებას მაშინ პეკინიც გამოეხმაურა, რომლის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის თანახმად, ჩინეთმა „არაერთხელ მიმართა ამერიკულ მხარეს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ აშშ-ის ბიო-სამხედრო საქმიანობების შესახებ დეტალური განმარტებისათვის“.

წინაისტორია

კრემლის მიერ ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ არაერთი ბრალდება გაჟღერებულა. 2020 წელს ლუგარის ცენტრი დეზინფორმაციული კამპანიებისა და კიბერთავდასხმის მსხვერპლიც გახდა. თბილისმა მაშინ განაცხადა, რომ კიბერთავდასხმა უცხოურმა სპეცსამსახურმა განახორციელა.

100 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ლაბორატორია ადამიანისა და ცხოველების საშიშ დაავადებათა გამომწვევი პათოგენების დიაგნოსტირების მიზნით, თბილისში აშშ-ის მხარდაჭერით და დაფინანსებით 2011 წელს გაიხსნა. კვლევითი ცენტრი საქართველოს ხელისუფლებას 2018 წელს გადაეცა. მას შემდეგ, ცენტრის დაფინანსებას და საქმიანობებს მთლიანად ქართული მხარე კურირებს.

თბილისი კრემლის ბრალდებებს ბიოლოგიური იარაღის შესახებ დეზინფორმაციას უწოდებს. 2018 წელს, თბილისის თხოვნით, საქართველოში ექსპერტთა ჯგუფი ეწვია, რომელშიც 17 ქვეყნის 22 ექსპერტი და დამკვირვებელი შედიოდა. ვიზიტის მიზანი ბიოლოგიური იარაღის შესახებ კონვენციასთან შესაბამისობის საკითხის დადგენა იყო. მისიის ანგარიშის თანახმად, „ლაბორატორია თავის საქმიანობებში მნიშვნელოვან გამჭვირვალობას ავლენს“. თბილისმა რუსი ექსპერტებიც მოიწვია, თუმცა მოსკოვმა შემოთავაზება „კატეგორიულად უარყო“.

ლუგარის ცენტრის შესახებ ბრალდებები თავდაპირველად, 2018 წლის სექტემბერში, საქართველოს ყოფილმა უშიშროების მინისტრმა იგორ გიორგაძემ (1993-1995) გააჟღერა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button