ახალი ამბები

მმართველი პარტია და ოპოზიცია საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებების პროექტზე შეთანხმდნენ

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის 17 მაისის ცნობით, ქართული ოცნება და ოპოზიცია საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებების პროექტზე შეთანხმდნენ.

საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის თანათავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ მხარეებმა საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებისა და ცესკოს თავმჯდომარის მოადგილეების დანიშვნის საკითხზე კონსენსუსს მიაღწიეს.

ცესკოს თავმჯდომარეს ორი მოადგილე ეყოლება – ერთს ოპოზიცია დაასახელებს, ხოლო მეორე „პროფესიული“ კრიტერიუმით დაინიშნება. იმ შემთხვევაში, თუ ცესკოს თავმჯდომარე ვალდებულებებს თავს ვერ გაართმევს, მის მოვალეობას ოპოზიციური წევრების მიერ დასახელებული მოადგილე შეასრულებს.

პარტია ლელო საქართველოსთვის ლიდერმა, დეპუტატმა ბადრი ჯაფარიძემ, რომელიც ასევე საარჩევნო რეფორმაზე სამუშაო ჯგუფის წევრია, განაცხადა, რომ შეთანხმება „პოზიტიური განვითარებაა“. მისი თქმით, ოპოზიციური პარტიების მიერ შემოთავაზებულ ცვლილებებთან დაკავშირებით ქართულმა ოცნებამ „რიგი შემხვედრი ნაბიჯები“ გადმოდგა. მისივე თქმით, ცვლილებების განხილვა პარლამენტში პირველი და მეორე მოსმენებით გაგრძელდება.

მართალია, თავდაპირველად მმართველი პარტია და ოპოზიცია შეთანხმდნენ, რომ ოპოზიცია ცესკოს თავმჯდომარის ერთ მოადგილეს დაასახელებდა, მეორე მოადგილის საკითხი კვლავ სადავო რჩებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქართული ოცნების დეპუტატები პროფესიული ნიშნით მოადგილის დანიშვნას ეწინააღმდეგებოდნენ და სანაცვლოდ ითხოვდნენ, რომ მმართველ პარტიას პოსტზე საკუთარი კანდიდატის დასახელების უფლება ჰქონოდა.

კვირის ბოლოს, ცვლილებების პროექტი შეფასებისთვის ვენეციის კომისიას გაეგზავნება. საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებების პროექტის მიღება საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე იგეგმება.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 17 მაისს მიესალმა შეთანხმების მიღწევას და ხაზი გაუსვა 19 აპრილს ხელმოწერილი დოკუმენტის ყველა პუნქტის „დროული შესრულების“ მნიშვნელობას.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button