skip to content
ახალი ამბები

სააღდგომოდ მთავრობა ახალ შეზღუდვებს აწესებს

საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი განცხადებით, აღდგომის სადღესასწაულო დღეებში სასაფლაოებზე გასვლა შეიზღუდება, სასაფლაოებთან მისასვლელი გზები კი ჩაიკეტება.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 3-დან 12 მაისის ჩათვლით, შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობაც. მანამდე მთავრობამ გადაადგილების შეზღუდვის მიზნით 4-11 მაისი უქმე დღეებად გამოაცხადა.  

ამასთან, მხოლოდ ერთი ღამე, სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა 1 მაისის 23:00 საათიდან 2 მაისის 04:00 საათამდე იმოქმედებს – ნაცვლად არსებული 21:00-დან 05:00 საათამდე პერიოდისა.  

„საქართველოს საპატრიარქოსთან კომუნიკაციის შედეგად, სადღესასწაულო ლიტურგია ტაძრებში ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვით ჩატარდება; მათ შორის, ტაძრებში უზრუნველყოფილი იქნება გახმოვანების სისტემა, დაცული იქნება სოციალური დისტანცია და პირბადის მოხმარების წესი“, – აცხადებს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო.  

ამავე ინფორმაციით, იმუნიზაციის მსოფლიო კვირეულთან დაკავშირებით, მიმდინარე კვირიდან ვაქცინაციის პროცესში საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები ჩაერთვებიან.  

26 აპრილის მდგომარეობით, ქვეყანაში (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) კოვიდ-19-ის სულ 304 272 შემთხვევაა დადასტურდა. ამას გარდა, სამშობლოში სამკურნალოდ ქვეყნის გარეთ დაინფიცირებული 41 მოქალაქეა გადმოიყვანეს. ამათგან, 287 029 ინფიცირებული უკვე სრულად გამოჯანმრთელდა, 4 043 კი – გარდაიცვალა. აქტიური შემთხვევების რაოდენობა დღეისთვის 13 174-ს შეადგენს. 15 მარტიდან მოყოლებული, ქვეყანაში კოვიდ-19-ზე 38 553 ადამიანი აიცრა.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button