skip to content
ახალი ამბები

ჯარისკაცების მიმართ „არაადამიანური“ მოპყრობის ბრალდებით შსს-ს ორი თანამშრომელი დააკავეს

საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის 21 აპრილის განცხადებით, სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფი ჯარისკაცების მიმართ „დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის“ ბრალდებით შსს-ს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის 2 თანამშრომელი დააკავეს.

ინსპექტორის სამსახურმა დაკავებულების ბრალეულობის საილუსტრაციოდ 2020 წლის 14 მარტის მოვლენები გაიხსენა, როდესაც ერთ-ერთმა ბრალდებულმა 10 კილოგრამზე მეტი წონის ჯავშანჟილეტითა და ჩაფხუტით აღჭურვილ ჯარისკაცს მუხლებზე დაჩოქილ მდგომარეობაში, კბილისა და ფეხსაცმლის ჯაგრისებით ახეხინა ყაზარმის საპირფარეშო ოთახის იატაკი.

უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ დაკავებულებმა მსგავსი „კანონით აკრძალული დასჯის მეთოდები“ ჯარისკაცების მიმართ რამდენჯერმე გამოიყენეს.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ცნობით, დაკავებულების მიმართ საქმე ძალადობით და პირადი ღირსების შეურაცხყოფით სამსხურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით აღიძრა. დაკავებულებს 5-8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს სავალდებულო სამხედრო სამსახურის ფარგლებში 18-27 წლის ასაკის მამაკაცების სხვადასხვა ქვედანაყოფში, მათ შორის, ობიექტების დაცვის დეპარტამენტში წვევამდელების გაწვევას უზრუნველყოფს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button