Placeholder canvas
ახალი ამბები

აშშ მიესალმება მხარეებს შორის 19 აპრილის შეთანხმებას

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საელჩო თბილისში მიესალმებიან 19 აპრილს ქართული ოცნებისა და ოპოზიციის ნაწილის მიერ ევროკავშირის კომპრომისული დოკუმენტის ხელმოწერას.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ 18 აპრილს მხარეებისთვის შეთავაზებულ კომპრომისულ წინადადებაზე შეთანხმება „საქართველოში დემოკრატიული პროცესების განვითარების მნიშვნელოვან პროგრესზე“ მიუთითებს. ხაზი გაუსვა რა, რომ შეთანხმების განხორციელება „ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“, სახელმწიფო დეპარტამენტმა აღნიშნა, რომ აშშ მზადაა „დაეხმაროს საქართველოს შეთანხმების მიზნების მიღწევაში“.

მხარეებს შორის ხელმოწერას ასევე მიესალმა აშშ-ის საელჩო და განაცხადა, რომ „შეთანხმება რთულ კომპრომისებს მოითხოვდა ყველა მხრისგან“, ასევე „პოლიტიკურ გამბედაობასა და ერთგულებას ქართველი ხალხის მიმართ დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებისთვის ინტენსიური მუშაობის გასაგრძელებლად“.

აღნიშნა რა, რომ აშშ მზადაა „მხარი დაუჭიროს პარლამენტს, ამ შეთანხმების მიზნების მიღწევის უზრუნველსაყოფად“, საელჩომ შესთავაზა პარლამენტის ცალკეულ დეპუტატებსა და დანარჩენ პარტიებს, ხელი მოაწერონ შეთანხმებას, „რათა სრულად ფუნქციონირებად პარლამენტში საქართველოს ყველა არჩეულმა წარმომადგენელმა ქვეყნის წინაშე არსებულ გადაუდებელ საკითხებზე ერთობლივი მუშაობა დაიწყოს“.

„როგორც ყოველთვის, ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროატლანტიკური ერების ოჯახში სრულად ინტეგრაციის გზაზე“, – განაცხადა საელჩომ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button