skip to content
ახალი ამბები

საპატრიარქოს თქმით, ნამახვანის ხელშეკრულება კითხვებს აჩენს

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ ნამახვანჰესის მშენებლობის თაობაზე ინვესტორსა და სახელმწიფოს შორის ხელმოწერილი ხელშეკრულების პირობები „ცხადი არ არის მოსახლეობის უმრავლესობისათვის, ეს იწვევს დაძაბულობას“.

მისი თქმით, „არის გარკვეული კითხვები კონტრაქტის პირობებთან დაკავშირებით“, კერძოდ, მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით, „გამომდინარე ბუნებრივი პირობებიდან, ეკონომიკურ მხარესთან დაკავშირებით“.

14 აპრილს გაკეთებულ განცხადებაში დეკანოზმა განაცხადა, რომ კონტრაქტის პირობები „უფრო დაწვრილებით უნდა იყოს განხილული და საზოგადოებას ობიექტური ინფორმაცია მიეწოდოს“. განცხადება იმ ფონზე გაკეთდა, როდესაც ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ ქუთაისსა და მიმდებარე სოფელ გუმათში საპროტესტო აქციები იმართება. მანამდე კი – პოლიტიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა.

ჯაღმაიძემ აღნიშნა, რომ საპატრიარქომ მიწის გასხვისებასთან დაკავშირებით ინფორმაცია „ძალიან გვიან“ შეიტყო. „100 წლით მიწის გადაცემა კომპანიისათვის იწვევს ძალიან ბევრ შეკითხვას“, – განაცხადა დეკანოზმა.

„ამიტომ, ვფიქრობ, რომ გაცილებით უფრო დიდი მსჯელობა უნდა გამართულიყო, კონტრაქტში ასეთი პირობების ჩადებამდე, მოსახლეობას რომ ეს სცოდნოდა და არ ყოფილიყო სიურპრიზი“, – განაცხადა მან.

ჯაღმაიძემ მოუწოდა აქციის მონაწილეებსა და ხელისუფლებას „კეთილგონიერება გამოიჩინოს ყველამ და დიალოგის სივრცე შექმნან, სადაც დაინტერესებულ მხარეს საშუალება ექნება, შეკითხვები დასვას, მიიღოს კომპეტენტური პასუხები და ამას ესწრებოდნენ პასუხისმგებელი პირები“.

იმავე დღეს საქართველოს საპატრიარქომ მოკლე განცხადება გამოაქვეყნა, სადაც რიონის ხეობაში დაძაბულობის ზრდის გამო შეშფოთება გამოხატა. საპატრიარქომ სიტუაციის ესკალაციას მიუღებელი უწოდა და მხარეებს დიალოგში ჩართვისკენ მოუწოდა.

ნამახვანჰესის შესახებ დეტალებისთვის მიჰყევით ბმულს

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button