ახალი ამბები

არასამთავრობოები ქვეყანაში არსებული კრიზისის დასაძლევად აშშ-ის მეტ ჩართულობას ითხოვენ

ხუთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ 13 აპრილს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში, რომელიც ამერიკელ სენატორებს – ჯინ შაჰინსა და რონ ჯონსონს მიემართება, ქვეყანაში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად აშშ-ს მეტი ჩართულობისკენ მოუწოდა.

ხელმომწერმა ორგანიზაციებმა – „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთო საზოგადოებმა“, „ღია საზოგადოების ფონდმა“ და „ლიბერალური აკადემია თბილისმა“ განაცხადეს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებზე ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური გავლენა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებებზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გავლენა ქვეყანაში არსებულ ვითარებას კიდევ უფრო ართულებს.

არსებული კრიზისის დაძლევისთვის არასამთავრობოებმა სენატორებს დახმარება რამდენიმე მიმართულებით სთხოვეს, მათ შორისაა – ევროკავშირის მედიაციაში აშშ-ის მონაწილეობის გაზრდა, ასევე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიასა და „მთავარი არხის“ მეწილის, გიორგი რურუას გათავისუფლება.

არასამთავრობოების შეფასებით, ნიკა მელიასა და გიორგი რურუას საქმეები მომავალში რეფორმირებულმა სასამართლომ უნდა განიხილოს.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა განცხადებაში საარჩევნო და სასამართლო სისტემების რეფორმირების აუცილებლობაზე, სხვადასხვა ინსტიტუტში ძალაუფლების განაწილებაზე და ქართული ოცნების მხრიდან ამ ვალდებულებების აღების შემდეგ, ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციის მხრიდან საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვის მნიშვნელობაზეც გაამახვილეს ყურადღება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button