ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში ყოველწიული ანგარიში წარადგინა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 9 აპრილს პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას, სხვა საკითხებთან ერთად, ეროვნული ერთობის საჭიროებაზე, ევროკავშირის მედიაციით ჩაშლილ მოლაპარაკებებზე და ნამახვანჰესის პროექტზე გაამახვილა ყურადღება. სიტყვით გამოსვლისას, პრეზიდენტმა ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიცია და ხელისუფლებაც გააკრიტიკა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მიმართვის დღე განზრახ შეარჩია, რადგანაც ამ დღეს, ქვეყანაში 9 აპრილის ტრაგედიას იხსენებენ, რა დროსაც საბჭოთა ჯარის მიერ თბილისში მშვიდობიანი მოქალაქეების დარბევას 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამასთან, 1991 წლის ამავე დღეს, საქართველომ ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

„9 აპრილი უფრო ხშირად გაიგივებულია 1989 წლის ტრაგედიასთან და გლოვასთან. თუმცა, 1991 წლის 9 აპრილმა დაძლია ეს ტრაგედია და გადააქცია გამარჯვების სიმბოლოდ. სახელმწიფოსთვის ეს დღე სამმაგი გამარჯვების დღეა!“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

„9 აპრილის მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც რუსულ ტანკებს არ შეუშინდნენ და ხელიდან არ გაუშვეს სამფეროვანი დროშა, არიან გამარჯვების წინამორბედები. ამიტომ, ჩვენ მათ პატივს უნდა ვცემდეთ არა როგორც მსხვერპლს, არამედ როგორც გამარჯვებულებს“, – თქვა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, 9 აპრილის გამარჯვება იმაშიც ვლინდება, რომ საქართველო სწორედ 1918 წლის სახელმწიფოს სამართარლმემკვიდრედ აღდგა. „ყველამ ერთად გაიმარჯვა – 1921 წლის იუნკერებმა, 1923 წელს დახვრეტილმა ოფიცრებმა და საქართველოს პატრიარქმა ამბროსიმ, 1922, 1923, 1924 წლების აჯანყებულებმა და ცხადია, 9 აპრილის გმირებმა და ზვიად გამსახურდიამ“, – დაამატა პრეზიდენტმა.

 ერთიანობა სოლიდარობა და ნამახვანჰესის პროექტი

აღნიშნა რა, რომ „არ შეიძლება აღვნიშნავდეთ 9 აპრილს და ამავდროულად არ გვესმოდეს, რომ ჩვენი ერთადერთი ძალა მხოლოდ ერთად დგომაშია“, პრეზიდენტმა „ერთიანობის“ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და თქვა, რომ „მრავალაზროვნება [და] მრავალპარტიულობა, ამ ერთიანობის განუყოფელი ნაწილია“.

„ჩვენ უნდა ვიცოდეთ დათმობაც, სხვისი აზრის გათვალისწინება და თუ არა ეს, სულ ცოტა, გაგება მაინც, და ქვეყნის ინტერესების ჩვენს პირად, პარტიულ თუ სხვა ინტერესებზე მაღლა მუდამ დაყენება!“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მანვე ერთიანობისა და სოლიდარობის გადამწყვეტი მნიშვნელობა კოვიდ-19-ის პანდემიასთან ბრძოლის კონტექსტშიც აღნიშნა და იმ საფრთხეზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც ვაქცინაციასთან მიმართებით სოციალურ ქსელებში გავრცელებულ დეზინფორმაციას ახლავს.

„მიმაჩნია, რომ ერთიანობისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი [კოვიდ-19-ის გამო] არსებული რეგულაციების ყველაზე ერთნაირად გავრცელებაა… ყველგან – ფეხბურთის სტადიონზე, ნოვრუზის დღესასწაულზე თუ ეკლესიაში წირვაზე, ან კიდევ პოზნერის ნადიმზე თუ ჩვენი მოქალაქეების დიდი ხნით გადადებულ ქორწილებში, დაბადების დღეებზე, საპროტესტო აქციებზე თუ სხვა საზოგადოებრივ თავყრილობებზე“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

ხაზი გაუსვა რა, რომ „ერთიანი მიდგომისა და სოლიდარობის განცდის გარეშე ვერც ჩვენი საზოგადოების ჯანმრთელობას დავიცავთ და ვერც ეკონომიკას გავხსნით და გადავარჩენთ“, პრეზიდენტმა ნამახვანჰესის გარშემო საზოგადოების არსებულ განსხვავებულ პოზიციებზე გაამახვილა ყურადღება.

„ერთი მხრივ ის საზოგადოება, რომლის წუხილიც ძალიან კარგად მესმის და თანავუგრძნობ, ითხოვს ჩვენი ბუნებრივი რესურსებისა და მიწის დაცვას უხეში ჩარევისა და ზემოქმედებისგან. ადგილობრივი მოსახლეობა, და არა მხოლოდ ის, აპელირებს იმ საფრთხეებზე, რომელიც ემუქრება ზოგადად ეკოლოგიას, რეგიონში სოფლის მეურნეობას, მეღვინეობისა და ტურიზმის პოტენციალს. მეორე მხრივ კი, ვინც ინვესტიციების მოზიდვას, ეკონომიკის გაცოცხლებასა და ენერგოდამოუკიდებლობას ანიჭებს უპირატესობას“, – თქვა პრეზიდენტმა.

მისივე განცხადებით, ორივე მხარეს აქვს ძლიერი არგუმენტები. „უალტერნატივოდ მიმაჩნია ორივე მოსაზრების გათვალისწინება და შეჯერება“, – განაცხადა პრეზდენტმა ზურაბიშვილმა. „ამისათვის საჭიროა მეტი კომუნიკაცია, მეტი საჯაროობა, მეტი გაანალიზება ყველა არგუმენტის და ყველა შესაძლო საფრთხის“, – დაამატა მან და სახელმწიფო კომისიის შემქნის ინიციატივით გამოვიდა, რომელშიც ეკონომისტები, ენერგეტიკოსები, ბუნების დამცველები, ადგილობრივი მოსახლეობა და უცხოელი ექსპერტები იქნებიან ჩართულნი.

 ოკუპაცია, ევროატლანტიკური ინტეგრაცია

პრეზიდენტმა ევროატლანტიკური ინტეგრაცია და დეოკუპაცია ქვეყნის მთავარ მიზნებად დაასახელა და აღნიშნა – „მიუღებელია, დღეს, როცა ქვეყანაში, სადაც დეოკუპაციას, ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა უჭერს მხარს, რომელიმე პოლიტიკური ძალა ცდილობდეს დასავლურობაზე მონოპოლია მოიპოვოს და სხვას, ვიტყოდი ყველას, პრორუსული უწოდოს“.

„ყველამ, თეორიულად მაინც, ვიცით, რომ დაუშვებელია ამ თემებზე ჩვენს შორის აზრთა ნებისმიერი სხვადასხვაობა, რამეთუ ეს მხოლოდ ჩვენს მტერს აძლევს ხელს“, – გაზი გაუსვა სალომე ზურაბიშვილმა.

ამ კონტექსტში მან ის მოქალაქეები გააკრიტიკა, რომლებიც ევროპასა და ამერიკაში „საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო, სრულიად უღირსი კამპანიას“ ეწევიან.

„1918 წლის პოლიტიკურ ემიგრაციაში მყოფ ქართველებსაც ჰქონდათ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები და დაპირისპირებაც ხშირი იყო. თუმცა, გაერთიანებულები იყვნენ ერთი მიზნის ირგვლივ – საქართველოს დამოუკიდებლობის და სახელმწიფოებრიობის აღდგენის საკრალური მიზნის ირგვლივ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ოპოზიციისა და ხელისუფლების კრიტიკა, ევროკავშირის მედიაციით ჩაშლილი მოლაპარაკებები

პრეზიდენტმა ზურაბიშვილა ხაზი გაუსვა, რომ ოპოზიციას „მოეთხოვება გამოიჩინოს მეტი შეგნება“ და „უარის თქმა განწყობაზე – ჩემს შემდეგ თუ ჩემს გარეშე, რაც გინდა მომხდარა“. თუმცა, მისივე თქმით, „არანაკლებ საჭირო არის ხელისუფლების მხრიდან იმის გაგება, რომ რაღაც საკითხებში, ბოლომდე შეთანხმება თუ არა, სულ ცოტა, წინასწარ გაფრთხილება და კონსენსუსის მიღწევის მცდელობა მაინც უნდა იყოს“.

გააკრიტიკა რა ქართული ოცნების ხელისუფლება, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ 2024 წლისთვის ევროკავშირში ჩვენი კანდიდატურის წარდგენის საკითხი „არა თუ ოპოზიციასთან, ქვეყნის პრეზიდენტთანაც კი არ ყოფილა განხილული“.

„თუ ასეთ მომავალს ერთად არ შევქმნით, ვერც ოკუპაციის დაძლევას შევძლებთ და ვერც ევროატლანტიკურ ინტეგრაციას“, – ხაზი გაუსვა პრეზიდენმა.

ევროკავშირით მედიაციით ორგზის ჩაშლილ მოლაპარაკებებზე საუბრისას, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მხარეებმა ხელიდან არ უნდა გაუშვან „უდიდესი შანსი“, „თუ საქართველოს ერთადერთი პერსპექტივა ევროპულ ოჯახში დაბრუნება და ევროპული სახელმწიფოს მშენებლობაა“.

„არნახული რამ მოხდა იმის დასტურად, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველო, მისი დემოკრატიულობა და მისი სტაბილურობა, ევროპისათვის და რაოდენ უკვე დაახლოებულები ვართ“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა და ამ კონტექსტში მან ევროკავშირიდან მიღებულ როგორც „ფინანსურ“, ისე „პოლიტიკურ“ და „მორალურ“ მხარდაჭერაზე გაამახვილა ყურადღება.

„ხელისუფლებას არ ეყო გამბედაობა იმისთვის, რომ ქვეყნის სატბილურობა და დემოკრატიული პროგრესი, ევროპის აქტიური მოკავშირეობა, უფრო მაღლა დაეყენებინა, ვიდრე ცალკეული „დეტალები“… ოპოზიციას კი – იმისათვის, რომ გათავისუფლებულიყო გარედან შანტაჟისა და წნეხისგან, საკუთარი ამომრჩევლისთვის პატივი ეცა და აერჩია პოლიტიკური ერთადერთი მისაღები გზა მრავალპარტიულ პარლამენტში დაბრუნებით“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

დასასრულს, სალომე ზურაბიშვილმა კრიზისის გადაწყვეტისთვის ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული „დაბალანსებული“ და „კომპრომისული“ გეგმის მიმართ სრული მხარდაჭერა გამოხატა და ყველა მხარეს მოუწოდა „მივიდნენ ქვეყნისთვის უალტერნატივო გადაწყვეტილებამდე“.

პოლიტიკური შეფასებები

„პრეზიდენტი საქართველოს კონსტიტუციით გახლავთ ზეპარტიული პოლიტიკური ფიგურა და დღეს მან კიდევ ერთხელ გააკეთა იმის დემონსტრირება, რომ საქართველოს პრეზიდენტი როგორც ინსტიტუტი და როგორც პოლიტიკური პირი დგას პარტიული დღის წესრიგის მიღმა“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ.

პრეზიდენტის გამოსვლისადმი უკამყოფილება გამოხატა მოქალაქეების ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა და აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილის სიტყვა იყო „მოულოდნელად ხანმოკლე და ძალიან ზოგადი“.

პრეზიდენტის გამოსვლით უკმაყოფილო დარჩა ევროპელი სოციალისტების დეპუტატი ფრიდონ ინჯიაც. „ეს უნდა ყოფილიყო პრეზიდენტის ანგარიში გაწეულ საქმიანობაზე, მაგრამ ამ გამოსვლისას, მე ვერ ვნახე, რას აკეთებს საერთოდ პრეზიდენტი… მე არა ვარ კმაყოფილი არც პრეზიდენტით, არც მისი მოხსენებით და არც მისი პათოსით“, – უთხრა მან ჟურნალისტებს.

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას შეფასეებით კი – „ადამიანი, რომელმაც 8 მარტის შეთანხმების ჩაშლას შეუწყო ხელი იმით, რომ თავისი მოვალეობა არ შეასრულა, პოლიტიკურ და მორალურ მოვალეობას ვგულისხმობ, არა იურიდიულს, ახლა ჭკუას არავის არ უნდა არიგებდეს“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button