ახალი ამბები

პოლიციამ ენმ-ის ოფისზე სროლისთვის ერთი პირი დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 18 მარტის განცხადებით, სამართალდამცველებმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისზე პნევმატური იარაღიდან სროლისთვის ერთი პირი დააკავეს. დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

შსს-ს ცნობით, დაკავებულმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისის მიმართულებით ავტომობილიდან ისროლა და პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას ბანერი დააზიანა. ამავე ინფორმაციით, პოლიციამ დაკავებულის ბინის ჩხრეკისას პნევმატური იარაღი, ვაზნები და ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ ამოიღეს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს და სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ინციდენტი გუშინ, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის ევროკავშირის მედიაციით გამართულ შეხვედრამდე მოხდა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა მომხდარში მმართველი გუნდი დაადანაშაულა და თქვა, რომ ქართული ოცნება ოპონენტებს ერთი მხრივ დიალოგისკენ მოუწოდებს და მეორე მხრივ მთავარი ოპოზიციური პარტიის ოფისზე თავდასხმას აორგანიზებს. ბრალდებები უარყო ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და განაცხადა, რომ ენმ-ის წევრები საკუთარ ოფისებს თავს თავად ესხმიან და შემდეგ ამაში ქართულ ოცნებას ადანაშაულებენ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button