ახალი ამბები

საქართველოს მეგობრები ხელისუფლებას ნიკა მელია გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ

ღია წერილში, საქართველოს მეგობრებმა, მათ შორის, 23-მა საერთაშორისო წარმომადგენელმა, განაცხადეს, რომ „ღრმად შეშფოთებულნი“ არიან ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული პოლიტიკური მოვლენებით, მათ შორის, ხელისუფლების გადაწყვეტილებით „იერიში მიეტანა წამყვანი ოპოზიციური პარტიის ოფისზე და დაეკავებინა მისი ლიდერი“.

ხელმომწერების თქმით, ნიკა მელიას გაუთავისუფლებლობა და მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი, მათ შორის, ერთპარტიული პარლამენტი, არა მხოლოდ აფერხებს პროგრესს უსაფრთხოების, ეკონომიკისა და ჯანდაცვის პრობლემების მოგვარების კუთხით, განსაკუთრებით პანდემიის პირობებში, არამედ „ასევე აზიანებს საქართველოს, როგორც რეგიონში სტაბილური პარტნიორის საერთაშორისო იმიჯს და რეპუტაციას“.

ხელმომწერები აცხადებენ, რომ პირველი ნაბიჯი სწორედ ხელისუფლებამ უნდა გადადგას და ოპოზიციის ლიდერი გაათავისუფლოს.

საქართველოს მეგობრებმა ასევე მოუწოდეს ოპოზიციას, რომ ევროკავშირისა და სხვა პოტენციური მედიატორების მიერ უზრუნველყოფილი შესაძლებლობები გამოიყენონ მმართველ პარტიასთან მოლაპარაკებების პროცესში და გამონახონ გამოსავალი, რომელიც საშუალებას მისცემს მათ, რომ საკუთარი მანდატები გამოიყენონ და საქართველოს დემოკრატია გააძლიერონ. მათ ასევე ხაზი გაუსვეს, რომ ოპოზიციას აქვს უფლება, რომ მათი პრეტენზიები საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით სამართლიანად და ღიად იქნას განხილული.

აღნიშნეს რა, რომ „საქართველოს ერთ-ერთი უძლიერესი საერთაშორისო აქტივი  მისდამი კეთილგანწყობაა“, წერილის ავტორები მოუწოდებენ როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას, რომ „არ გაფლანგონ ეს კეთილგანწყობა და გამოავლინონ თავიანთი ერთგულება დემოკრატიის, დიალოგისა და ადამიანის უფლებების პატივისცემის მიმართ“.

სხვებთან ერთად, წერილს ხელს აწერენ: ტომას ჰენდრიკ ილვესი, ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი; იან კელი, უილიამ კორტნი, რიჩარდ მაილსი და კენეტ იალოვიცი, აშშ-ს ყოფილი ელჩები საქართველოში; პერ ეკლუნდი და ალექსანდრა ჰოლ ჰოლი,  ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს ყოფილი ელჩები საქართველოში; მაიკლ მაკფოლი, აშშ-ის ყოფილი ელჩი რუსეთში; ლორა თორნტონი, NDI Georgia-ს ყოფილი დირექტორი; ასევე,  ექსპერტები – ჯონათან კაცი, სვანტე კორნელი, ლუკ კოფი, ფრენსის ფუკუიამა, კურტ ვოლკერი და აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე მეთიუ ბრაიზა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button