skip to content
ახალი ამბები

სააპელაციომ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევაში ცილისწამება დაადგინა, რასაც ორგანიზაცია მკაცრად გმობს

„საერთაშორისო  გამჭირვალობა-საქართველომ“ მკაცრად გააკრიტიკა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ორგანიზაციის სამი წლის წინანდელი კვლევა „ცილისწამებას“ შეიცავს.

არასამთავრობო ორგანიზაციის თქმით, სასამართლოს ეს გადაწყვეტილება იმდენად დაუსაბუთებელია, რომ „კითხვებს აჩენს მართლმსაჯულების მიუკერძოებლად განხორციელების თაობაზე და საფრთხეს უქმნის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ აქამდე დადგენილ მაღალ სტანდარტს“.

უფრო კონკრეტულად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თანახმად, „გამჭვირვალობის“ 2018 წლის კვლევაში, რომელიც საერთო სასამართლოების სისტემაში კორუფციის რისკებს შპს „აკა“-ს პარტნიორებსა და დავით ძოწენიძეს შორის სასამართლო დავის მაგალითზე განიხილავდა, გამოთქმული მოსაზრება „ცილისწამებაა“.

აღნიშნულ კვლევაში არასამთავრობო ორგანიზაცია წერდა, რომ 2016 წელს „აკა“-სა და ძოწენიძეს შორის განახლებული აღნიშნული დავა კითხვებს აჩენდა სასამართლო პროცესის დამოუკიდებლობის შესახებ და კორუფციის რისკებს შეიცავდა.

სასამართლოს არასამთავრობოს წინააღმდეგ სარჩელით შპს „აკას“ პარტნიორებმა მიმართეს და „საერთაშორისო გამჭვირვალობას“  ანგარიშის მონაკვეთი – „…ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო 2016 წელს დავის განახლების პროცესი კითხვებს აჩენს მართლმსაჯულების მიუკერძოებლად განხორციელების თაობაზე“ –  ცილისმწამებლურად აღიარება მოითხოვეს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებით, სააპელაციო სასამართლომ ფაქტობრივად  ნებისმიერ პირს, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციებს ფაქტებზე დაყრდნობით სასამართლოს გადაწყვეტილებების შეფასება და მათზე მოსაზრებების გამოთქმა აუკრძალა.

„თუ ეს გადაწყვეტილება ძალაში დარჩა,  გართულდება სასამართლოში სისტემური ხარვეზებისა და მიმდინარე ტენდენციების შესახებ კვლევების ჩატარება, მკვეთრად გაუარესდება ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის სტანდარტი“, – აცხადებს ორგანიზაცია.

ამასთან, ორგანიზაციის თქმით, სანამ საქმე სააპელაციო სასამართლოში გადაინაცვლებდა, 2019 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოს შპს „აკას“ სარჩელის განხილვაზე უარი უთხრა, რის ერთ-ერთი მიზეზადაც „არასწორად ფორმულირებული“ მოთხოვნა დაასახელა. ამას გარდა, საქალაქომ განაცხადა, რომ „საეთაშორისო გამჭვირვალობის“ განცხადებები ცილისმწამებლური არ ყოფილა.

ორგანიზაციის თქმით, ამის შემდეგ მიმართა „აკამ“ სააპელაციო სასამართლოს, რომელმაც მას მოთხოვნის ფორმულირების შეცვლის შესაძლებლობა კანონდარღვევით მისცა.

სააპელაციოს გადაწყვეტილება არასამთავრობო ორგანიზაციამ უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. „გამჭვირვალობის“ თქმით, სააპელაციოს ვერდიქტი უზენაესის დაწესებულ სტანდარტებს ეწინააღმდეგება.

ამასთან, ორგანიზაციამ ყურადღება მიაპყრო იმ ფაქტსაც, რომ სააპელაციოში ამ საქმის განმხილველი ორი მოსამართლე, გენადი მაკარიძე და მერაბ ლომიძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები არიან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button