skip to content
ახალი ამბები

საქართველო პირველი კონსტიტუციის საუკუნოვან იუბილეს აღნიშნავს

საქართველოს ლიდერებმა პირველი ქართული კონსტიტუციის საუკუნოვანი იუბილე აღნიშნეს. პირველი კონსტიტუცია 1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელმა კრებამ კარსმომდგარი საბჭოთა ოკუპაციის ფონზე მიიღო.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ პირველი კონსტიტუცია ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული სამართვებრივი დოკუმენტი იყო მაშინდელ ევროპაში, რამდენადაც იგი უზრუნველყოფდა საყოველთაო საარჩევნო უფლებას, პროპორციულ საპარლამენტო არჩევნებს, იცავდა ეთნიკური უმცირესობების თავისუფალი განვითარების უფლებას, აყალიბებდა მმართველობის დაბალანსებელ სისტემას და აუქმებდა სიკვდილით დასჯას.

პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ კი პირველი კონსტიტუციის მიღების დროსა და კონტექსტს გაუსვა ხაზი. მისი თქმით, საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ 1921 წელს კონსტიტუცია „საბჭოთა ოკუპაციის საფრთხის, თავდადებული ბრძოლებისა და ქვემეხების სროლის ფონზე“ დაამტკიცა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ განაცხადა, რომ 1921 წლის კონსტიტუციამ, როგორც „დიდად მნიშვნელოვანმა სამართლებრივმა დოკუმენტმა“, საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში „ეროვნულ-განმათავისუფლებელი იდეის“ ფუნქცია შეასრულა.

კონსტიტუციის 100 წლის იუბილეს საქართველოს პარლამენტში  საზეიმო სხდომაც მიეძღვნა, რომელსაც ქვეყნის პირველი პირები, პარლამენტარები, მართლმადიდებელი ეკლესიისა და სხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები და უცხოელი დიპლომატები ესწრებოდნენ.

ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდნენ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პარლამენტის სპიკერი არჩილ თალაკვაძე, პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და პრემიერ მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი.

ირაკლი ღარიბაშვილმა თავის სიტყვაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყოფილი მთავრობა გააკრიტიკა და მთავარი ოპოზიციური პარტია მისი მმართველობის პერიოდში კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასვლაში დაადანაშაულა. პრემიერობის კანდიდატის თქმით, ოპოზიცია დღესაც ცდილობს „კონსტიტუციის დამხობას“.

ცერემონია პარლამენტის გარეთ ოპოზიციის მხარდამჭერების პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა. პოლიციამ აქტივისტებს სიმბოლური „კარავი 1921-ის“ დადგმაში ხელი შეუშალა, რაც შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია რამდენიმე აქტივისტი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოგვიანებით დაადასტურა, რომ რვა აქტივისტი ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც სამართალდამცველისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button