ახალი ამბები

მედიის კოალიცია: კომუნიკაციების კომისიის მიერ „უხამსობის“ რეგულირება უკანონოა

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის, რომელიც ათზე მეტ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, 28 იანვარს გავრცელებული განცხადებით, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ „უხამსობის რეგულირების მიზნით წამოწყებულ აქტივობებს“ ეხმიანება და მიიჩნევს, რომ „კომისია კანონის საწინააღმდეგოდ მოქმედებს“.

კომუნიკაციების კომისია მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ ეთიკური ნორმები დაარღვია და „უხამსობის“ შემცველი კადრები გაავრცელა. საუბარია 2020 წლის 12 დეკემბრს, გადაცემა „ღამის მთავარში“ გასულ სიუჟეეტზე, რომელიც მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას ეხებოდა და რომელშიც ჩანს, რომ ერთ-ერთი მინისტრი შარვლის ზემოდან სასქესო ორგანოს ეხება. კომისიის მტკიცებით, სიუჟეტი ლახავს „ადამიანის ძირითად უფლებებს“ და „მაუწყებლობის შესახებ კანონს“ არღვევს.

კოალიციისთვის „კატეგორიულად მიუღებელია“ კომისიის მცდელობა, შეითავსოს თვითრეგულირების ორგანოს ფუნქცია და მაუწყებლის შინაარსში ჩაერიოს, ვინაიდან მას ამის უფლებამოსილება არ გააჩნია. „ასეთი ფაქტის დაშვებით სახეზე იქნება მედიის შინაარსობრივი კონტროლი, რაც სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრესი ფორმაა“, – განმარტავენ კოალიციის წევრები.

„მოვუწოდებთ კომისიას იმოქმედოს თავისი მანდატისა და კანონმდებლობის ფარგლებში, პატივი სცეს მედიის თავისუფლებისა და საზოგადოების ინფორმირების აღიარებულ სტანდარტებს“, – აცხადებენ ისინი.

კოალიციის განცხადებით, კომისია საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის გადაწყვეტილებას ეყრდნობა და ცდილობს წარმოაჩინოს, თითქოს ამ გადაწყვეტილებით მას პროგრამების შინაარსობრივი მხარის შეფასების უფლებამოსილება მიენიჭა, რაც „არ შეესაბამება რეალობას“ და მეტიც, თავად ამ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება, რომელიც „გამოხატვის თავისუფლების დაცვის სულისკვეთებაზე იყო აგებული“.

კოალიციის განმარტებით, 2007 წელს საკონსტიტუციო სასამართლოში მაუწყებლობისა და „მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების ის ნორმები გასაჩივრდა, რომლებიც მაუწყებელთა მიერ მთელი რიგი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, კერძო პირების მიერ მათ კომისიასა და სასამართლოში გასაჩივრებას კრძალავდა.

უფლებადამცველების განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლომ მაშინ სარჩელი მხოლოდ იმ ნაწილში დააკმაყოფილა, რომელიც ეხებოდა მაუწყებლების ვალდებულებას, ეთერში ადამიანის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი მასალა არ განათავსონ და სასამართლოსადმი მიმართვა მხოლოდ იმ შემთხვევაში ცნო დასაშვებად, თუკი პირი მიიჩნევს, რომ მის მიმართ ეს პირობა დაირღვა.

კოალიცია ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „კომისიის მანდატი ამ საქმეში არც პირდაპირ და არც ირიბად არ განხილულა“. ამასთან, საკონსტიტუციოს არც ის მიუთითებია, რომ სასამართლოში გასაჩივრების უფლება „შეიძლება მესამე პირს ჰქონდეს“.

„კანონმდებლობასა და კონსტიტუციასთან შეუსაბამო პრაქტიკის დამკვიდრება წარმოადგენს ცენზურის პირდაპირ საფრთხეს“, – განმარტავენ უფლებადამცველები.

„მთავარი არხის“ საქმე მარეგულირებელ კომისიაში 21 იანვრის სხდომაზე განიხილეს. კომისიამ გადაწყვეტილება დღეს გამოაქვეყნა და „მთავარ არხს“ დარღვევა დაუდგინა, თუმცა სანქცია არ დააკისრა. კომისია მოუწოდებს მაუწყებელს „დაიცვან კანონი, გაითვალისწინონ კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და არ განათავსონ ეთერში უხამსობა“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button