ახალი ამბები

„კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის“ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას მიმართავს

კოალიციამ მედიის ადვოკატირებისთვის 20 აგვისტოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილებების პროექტზე მიმართა და თქვა, რომ ამ ცვლილებების მიღებამ „შესაძლოა, წარმოქმნას მნიშვნელოვანი ხარვეზები“ და პლურალისტულ მედიაგარემოს „საფრთხე“ შეუქმნას.

კოალიციამ, რომელიც ათზე მეტ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, კომისიას მოუწოდა „წინასაარჩევნო და საარჩევნო პროცესებში მედიის მონიტორინგისას“ ობიექტური და მიუკერძოებელი როლი შეასრულოს.

კოალიცია კომისიის ინიცირებულ ცვლილებებში შემდეგ პრობლემურ გარემოებებს გამოყოფს:

  • ახალ რედაქციაში მედიის განმარტება ამოღებულია და არ არის დათქმა, თუ რომელ მედიასუბიექტს მოიაზრებს კომისია მონიტორინგის ვალდებულებაში. იმის გათვალისწინებით, რომ შეუძლებელია საარჩევნო მონიტორინგი ყველა ტიპის მედიაზე გავრცელდეს, ასევე „დაუშვებელია“ წინასაარჩევნო და საარჩევნო პროცესების გაშუქებისას, ონლაინმედია კონტროლის ქვეშ მოექცეს, მონიტორინგის სუბიექტთა წრე კვლავაც უნდა დავიწროვდეს/დაკონკრეტდეს;
  • მაუწყებლისათვის წინასაარჩევნო აგიტაციისა და რეკლამის განთავსებაზე წაყენებული მოთხოვნები ზოგადი ხდება და არაა დადგენილი, თუ რა პასუხისმგებლობები აკისრია მედიას. ეს კოალიციის თქმით, მარეგულირებელს შესაძლებლობას აძლევს ფართოდ განმარტოს მოთხოვნა, დაადგინოს დარღვევა და გამოიყენოს სანქცია;
  • ახალი რედაქციით, იცვლება ჩანაწერი, რომელიც შედარებით უფრო კონკრეტულად მიანიშნებდა მედიის პასუხისმგებლობებზე. ამით მედიისათვის საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული პასუხისმგებლობები ნათელი და განჭვრეტადი აღარ იქნება;
  • ცვლილებით, დაუშვებელი ხდება მაუწყებლის მიერ კენჭისყრამდე 50-ე დღემდე ფასიანი ან უფასო წინასაარჩევნო (პოლიტიკური) რეკლამის განთავსება, რაც პოლიტიკური რეკლამის განთავსების ვადების შესახებ საარჩევნო კოდექსის ჩანაწერს არალეგიტიმურად აფართოებს. ამასთან, იგი წინააღმდეგობაშია თავად კოდექსთან, სადაც კონკრეტული რეკლამის განთავსების საწყისი ვადა დაკონკრეტებული არ არის.

კოალიციის წევრი ორგანიზაციები მოუწოდებენ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას გადახედოს პროექტს და „წინასაარჩევნო და საარჩევნო პროცესებში მედიის მონაწილეობის თავისუფლებისა და თავისუფალი მედიაგარემოს რეალიზებისათვის“ სივრცე შექმნას.

კომისიის პასუხი

კოალიციას 21 აგვისტოს ოფიციალური განცხადებით უპასუხა კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ და არასამთავრობოთა შენიშვნებს „არაკეთილსინდისიერი“ და „უსაფუძვლო უწოდა“ და განმარტა, რომ ისინი „საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებში ცრუ ინფორმაციის მოხვედრას ემსახურება“.

კომისიის განმარტებით, დადგენილებაში ცვლილებებით მისი „საარჩევნო კოდექსთან“ შესაბამისობაში მოყვანა ხდება, რაც ამ უკანასკნელში ცვლილებების შეტანის შემდეგ გახდა საჭირო.

კომისია არ იზიარებს კოალიციის მოსაზრებას, რომ ცვლილებებით კომისიის მიერ რეგულირებადი სუბიექტების წრე გაფართოვდა და აცხადებს, რომ წინასაარჩევნო პროცესში მის უფლებამოსილებას „საარჩევნო კოდექსი“ და „მაუწყებლობის შესახებ კანონი“ განსაზღვრავს, რასაც ნორმატიული აქტი ვერ შეცვლის.

„ყველა რეგულაცია შეეხება მხოლოდ კონკრეტულ სუბიექტებს: მაუწყებლებს და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებულ გაზეთებს“, – აცხადებს მარეგულირებელი ორგანო.

კომისია არც ფასიან და უფასო პოლიტიკურ რეკლამებთან მიმართებით კოალიციის შენიშვნებს ეთანხმება და აცხადებს, რომ ისინი „დაუსაბუთებული“ და „ზედაპირულია“.

კომისია კოალიციის წევრ ორგანიზაციებს მოუწოდებს „სამუშაო რეჟიმში ითანამშრომლონ კომისიასთან და თავი შეიკავონ საჯაროდ არაარგუმენტირებული და უსაფუძვლო ბრალდებებისგან“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button